ის ადამიანი დაასვენონ იქ და ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ, მინიმუმ 6 წელის მოუწევს ჯდომა

“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, ენმ-ის გეგმებზე სკეპტიკურად არიან განწყობილები მმართველ გუნდში. “ოცნების” განმარტებით, არანაირი საფუძველი და დაკვეთა საზოგადოების მხრიდან არ არსებობს, შესაბამისად  “ნაცმოძრაობის” შანსები, თუ ისინი  ქუჩის აქციებს დაიწყებენ, მინიმალური იქნება.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი
ამბობს, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულია “ნაციონალური მოძრაობა” რევოლუციური ნარატივიდან ვერ გამოდის.

“ძალიან უჭირს “ნაციონალურ მოძრაობას” იმ დღის წესრიგის შექმნა, რომლის სურვილიც გააჩნია, რომელზეც მუშაობდნენ და ამუშავებდნენ გარკვეულ პოლიტტექნოლოგებს იმის გამო, რომ აქ მოეწყოთ ერთგვარი “უსისხლო რევოლუცია”. ზოგადად ეს პარტია ვერ გამოდის ამ რევოლუციური ნარატივიდან აგერ უკვე 10 წელია,” – აცხადებს ბექა დავითულიანი.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით კი, ენმ დღემდე მიხეილ სააკაშვილს ილუზიებს უქმნის და ფუჭ იმედებს აძლევს.

“არაერთი მცდელობა ჰქონდა რადიკალური ოპოზიციას, რომ ქვეყანა შეეყვანა ქაოსში, არ გამოუვიდათ. უნდა შეიგნონ, რომ ის ადამიანიც დაასვენონ იქ და ფუჭ დაპირებებს ნუ აძლევენ. დამნაშავეა, აღიარა სტრასბურგის სასამართლომ ისევე, როგორც ადგილობრივმა სასამართლომ და შესაბამისად, ის ადამიანი ზის ციხეში და მოუწევს მინიმუმ 6 წელი ჯდომა,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმაზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ისაუბრებდა.

რა გეგმები აქვს ახლა “ნაციონალურ მოძრაობას” – მოლოდინი, რომ პარტიის სტრატეგიაზე მიხელ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე უფრო მეტს იტყოდა, არ გამართლდა. ერთიანობა და ცვლილებები ყოფილმა პრეზიდენტმა ახსენა, თუმცა მას არ უსაუბრია ვადამდელ არჩევნებსა და სამთავრობო ცვლილებების მოთხოვნით ქუჩის აქციების კონკრეტულ გეგმაზე.

 

“რ2”