ხელისუფლების ცვლილების მომენტი, თუკი ეს იქნება ამომრჩევლის ნება, დადგება 2024 წელს და არა უფრო ადრე

ზარზეიმით ხელისუფლების ცვლილება ჩვენ ვნახეთ ვარდების რევოლუციის დროს და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ხელმძღვანელის ბატონი სააკაშვილის შეცდომა, რომ მათ ჰგონიათ, რომ საქართველოში არის ისევ 2003 წელი. დღეს საქართველოში 2022 წელია, ხელისუფლების ცვლილება არადემოკრატიული და თუნდაც ხავერდოვანი გზით, რომელიც არ არის არჩევნების გზა, არის წარსული, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, თუკი ამომრჩევლის ნება იქნება, ხელისუფლება შეიცვლება 2024 წელს.

„მე ამ ადამიანს არასდროს ვუსმენ. ჟურნალისტებისგან თუ შევიტყობ მან რა თქვა. თქვენგან მესმის ამ განცხადების შესახებ. თუმცა არ ვთვლი, რომ ეს ის განცხადებებია, რომელსაც ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება სრული სერიოზულობით უპასუხოს. მაგრამ, ვინაიდან მაქვს ის პასუხისმგებლობები რაც მაქვს, მოვუხმობ ყველა ხარისხის სერიოზულობას რაც გამაჩნია, რომ სერიოზულად აღვიქვა მისი ამ ტიპის განცხადებები და მოწოდებები. ზარზეიმით ხელისუფლების ცვლილება ჩვენ ვნახეთ ვარდების რევოლუციის დროს და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“, ომის პარტიის, მისი ხელმძღვანელის, უცვლელი ბელადის, ბატონი სააკაშვილის შეცდომა, რომ მათ ჰგონიათ, რომ საქართველოში არის ისევ 2003 წელი. დღეს საქართველოში 2022 წელია, ხელისუფლების ცვლილება არადემოკრატიული და თუნდაც ხავერდოვანი გზით, რომელიც არ არის არჩევნების გზა, არის წარსული. არც ამომრჩეველში არსებობს ამის რესურსი, რომ ამომრჩეველი დათანხმდეს არჩევნების მიღმა სხვა გზით ხელისუფლების ცვლილებას და არც ხელისუფლება არის იმ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ფორმაში, რომ დაუშვას რაიმე ტიპის მსგავსი არაკანონიერი გზით ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების ცვლილების მომენტი, თუკი ეს იქნება ამომრჩევლის ნება დადგება 2024 წელს და არა უფრო ადრე. თუმცა, ყველა პატიმრის კეთილდღეობა მანამ სანამ მე ვიქნებოდი იუსტიციის მინისტრი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს დღეს ჩემთვის კვლავ ასეა. ამიტომაც თუ მოცემული პატიმრისთვის მნიშვნელოვანია, რომ დროის გაყვანის მიზნით რაღაც პროექტებზე იმუშაოს, იდეების გენერირება განახორციელოს, შემდეგ ამ იდეების უარყოფითი და დადებითი შეაფასოს და ა.შ. და ასე ვთქვათ გაერთოს, ეს მხოლოდ კარგია, იმიტომ რომ პატიმარს სჭირდება პირობები, რომ რაღაცით იყოს დაკავებული. ამას არ ვამბობ ხუმრობით“, – განაცხადა წულუკიანმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მოქალაქეები ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვენ, ქუჩაში 200 ათასი ადამიანიც კი გამოვა.

 

“იმედინიუსი”