ზუგდიდში კორონავირუსი რუსეთიდან ჩამოსულ პირს დაუდგინდა. კარანტინიდან გამოსული მამაკაცი ძმის დაკრძალვას დაესწრო. განმეორებითი ტესტის დროს კი, ვირუსზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ მას დაავადება გადატანილი ჰქონდეს.
“პანიკის საფუძველი არ არის, ჯერჯერობით, მიმდინარეობს ამ პაციენტის ღრმა კვლევა. მისი სისხლის ნიმუში გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. დღეს საღამოს გვეცოდინება ანტისხეულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს ინფექცია გადატანილი აქვს,” – აცხადებს რუხის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე.
მამაკაცს, რომელმაც რუსეთიდან საკუთარი ძმის ცხედარი ზუგდიდში ჩამოასვენა, კორონავირუსი დაუდასტურდა. 70 წლამდე პირი 12 ივნისს ლარსის გამშვები პუნქტიდან გუდაურში კარანტინში გადაიყვანეს, სადაც PCR ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა. მას ზუგდიდში, გასვენებაზე ჰქონდა არაერთ პირთან კონტაქტი მაშინ, როდესაც სამძიმარს იღებდა.
ინფიცირებული პირის 7 ახლო კონტაქტი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი თვითიზოლაციაში რჩება. გარდა ამისა, მამაკაცის სისხლის ანალიზები გაგზავნილია ლუგარში იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ახალი შემთხვევა, თუ უკვე გადატანილი კორონავირუსის ნიშნებია. როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რა ეპიდსიტუაცია შეიქმნება ზუგდიდში. მამაკაცი რუხის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“კურიერი”