„აქ ყოფნას დღეს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა – ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როცა მსოფლიო დადგა გლობალური გამოწვევის წინაშე.
ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში, მინისტრს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 24-საათიანი შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს ბოლო 4 თვეში. ასევე, მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ იმავე რეჟიმში განაგრძობენ ეს ადამიანები წარმატებულ ბრძოლას, როდესაც ეს დაგვჭირდება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, არამედ ეს გლობალური გამოწვევაა და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა, არაფერი დასრულებულა და ყველაფერი გრძელდება. ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს სწორედ ის სახეები, რომლებიც დღეს აქ გახლავთ წარმოდგენილნი. ჯანდაცვის სამინისტრო, ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს ადამიანების ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროს. ის რეფორმები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყო სამინისტროში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შესძინოს მდგრადობა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ 2012 წლიდან მიაღწია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე, შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებსა და კიდევ ბევრ რამეზე. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“აიპრესი”