საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დღეიდან დაიწყება.
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 17.00 საათზეა ჩანიშნული.
კომიტეტის სხდომამდე, 15:00 საათზე, დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართება.
ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.
კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებას პარლამენტში 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
“აიპრესი”