ვანდალიზმი თუ საფრთხე? – ვინ ტოვებს უცნაურ ნიშნებს თბილისში

ვანდალიზმი თუ საფრთხე? – ვინ ტოვებს უცნაურ ნიშნებს თბილისში.

თბილისში მოქალაქეები ცენტრალურ უბნებში უცნობი ნიშნების გამოჩენის სიმრავლემ შეაშფოთა. სოციალურ ქსელში მრავლად წააწყდებით ფერადი საღებავით შესრულებული ნიშნების ამსახველ შესაბამის ფოტოებს, როდესაც ადამიანები მისი მნიშვნელობის გარკვევას ცდილობენ.

როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, ნიშნების დატოვება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირდა და ირწმუნებიან, რომ მათი ავტორები სლავური გარეგნობის მოქალაქეები არიან. წარმოქმნილ დისკუსიაში ვხვდებით შენიშვნებსაც, რომ მსგავსი გაურკვეველი შინაარსის ფიგურები ჯერ კიდევ სამი წლის წინ შეინიშნებოდა, რასაც დანარჩენები კატეგორიულად არ იზიარებენ.

ამასთან, World Military ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ მისი კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული თითქმის იდენტური ათობით ნიშნის 95%+ განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით მსხვილ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადეობრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც ასევე აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან:

„ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, ნაკლებად – მეორეხარისხოვან ქუჩებზე, როგორც წესი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა საგზაო კვანძების სიახლოვეს არის დაპროექტებული.

აგრეთვე, ძველი თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც გრუნტი შედარებით რბილია, შენობები ძალიან ძველი და პრაქტიკულად არ არის მიწისქვეშა ობიექტები, იკლებს ნიშნების ინტენსივობა, თუმცა იქ ყველა ახალ ან საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობასთან, რომელსაც გააჩნია ან მიწისქვეშა პარკინგი ან მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტია, რომელსაც ექნება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, კვლავ გვხვდება მსგავსი ნიშნები“.

ცხადია, მოქალაქეთა შეშფოთებას უკრაინის კონტექსტიც აძლიერებს და ამ ვითარებაში სწორედ სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, გააქარწყლონ შიში ან პირიქით – მოქალაქეთა ყურადღება გაამახვილონ, მკაფიოდ განმარტონ, ვანდალიზმთან გვაქვს საქმე, თუ უსაფრთხოების საკითხებთან, რომელიც შესაძლოა, მათ შორის საზოგადოების დათრგუნვასაც ისახავდეს მიზნად. შესაბამისად, „აქცენტმა“ კითხვებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართა.

სუს–ში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხის შემცველი ქმედება გამოკვეთილი არ არის.

„უწყება ინფორმირებულია, საკითხი ინტერესის სფეროში მოხვდა, გამოძიება არ მიმდინარეობს“,– გვიპასუხებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე საკითხი განიხილება როგორც ვანდალიზმი. შსს–ში (რომელსაც ვანდალიზმზე უნდა მოეხდინა რეაგირება), პასუხს დაგვპირდნენ, რომელიც მასალაში მიღებისთანავე აისახება.

რაც შეეხება დედაქალაქის მერიას, რომელსაც რეაგირება თბილისის იერსახის დამახინჯების კუთხით უნდა მოეხდინა, კახა კალაძის უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამის შესახებ დაახლოებოთ 17-18 აპრილიდან არიან ინფორმირებულები, მოკვლევა აწარმოეს, თუმცა ვანდალიზმზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება საკუთარი რესურსებით ვერ შეძლეს, არ არიან რა საგამოძიებო ორგანო, ამიტომ შედგა კომუნიკაცია შსს–სთან და “კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”.

წყარო: newposts.ge