ენტონი ბლინკენი – რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს – სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი

რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს, რუსეთი ცდილობდა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წართმევას, მაგრამ ვერ მოახერხა, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური ძალა დაემტკიცებინა, მაგრამ მსოფლიო საპირისპიროს ხედავს.

„ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სამხედრო, ეკონომიკური ძალა. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ.

არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი”, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ უკრაინის მხარდაჭერას ბოლომდე, საბოლოო წარმატების მიღწევამდე გააგრძელებს.

“ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ის გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ”, – აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას გუშინ სტუმრობდნენ.