ნიკა მელიას კეზერაშვილზე აზრი შეეცვალა და მასთან თანამშრომლობასაც აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ის დავით კეზერაშვილთან აპირებს პარტნიორობას. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„დათო კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი საჯარო პოზიცია მოუსმენია ბევრს, ეს იყო 2017 წელი. მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა მქონდა, მას მე არ ვიცნობდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ (შარშან 10 მაისს ხომ გამათავისუფლეს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს შედეგად), გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე. კიევიდან მაშინ სხვა ქვეყანაში გავემგზავრე, სადაც დათო კეზერაშვილი პირადად ვნახე და გავიცანი. შედგა ჩვენს შორის საუბარი.

ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მე მაწუხებდა, მივიღე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, რამაც ნამდვილად გამახარა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია იყო დაფიქსირებული საჯაროდ. ამ ადამიანმა ისედაც, ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიულ წეს-წყობილებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მომავალში, ვიდრე ახლა უწყობს – დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ფორმულა“ ჩამოაყალიბა.

კი ბატონო, ორი კვირის წინათაც ვიყავი [კეზერაშვილთან შეხვედრაზე], სამჯერ შევხვდი სულ და არ დაგიმალავთ, დიახაც, ვაპირებ პარტნიორობას მასთან. ვაპირებ მე პირადად პარტნიორობას, სანამ ეს სისაძაგლე „ქართული ოცნების“ სახით არ დასრულდება.

აბა, მას ჰკითხეთ, ჩემ მიერ საჯაროd დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, რამდენად მოხარული იყო ჩემთვის ხელის ჩამორთმევით. მერწმუნეთ, ეს მისთვის ადვილი არ ყოფილა. ნამდვილად ვაფასებ, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამიტომაც.” – თქვა მელიამ.

მარშალპრესი