სამშვიდობო შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რეალურია?|

ავტორი: ნიკა მუსავი


სანამ უკრაინაში ომია, სამხრეთ კავკასიაში შესაძლო მშვიდობაზე საუბრობენ. სომხეთი და აზერბაიჯანი, 2020 წლის 44 დღიანი ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი განცხადების სანაცვლოდ, სამშვიდობო შეთანხმების მომზადებას შეუდგნენ.

აზერბაიჯანილი მხარე ისწრაფის იმისკენ, რომ პოტენციური მშვიდობა მისთვის მაქსიმალურად სარგებლიანი პირობებით გაფორმდეს. კერძოდ, ის ითხოვს სომხეთის გავლით სატრანსპორტო კორიდორების გახსნას და სომხეთს სთავაზობს ერთმანეთის ტერიტორიების აღიარებას, რაც, ფაქტიურად, გულისხმობს იმას, რომ სომხეთი უარს იტყვის ყარაბაღზე.

ამჟამად ყარაბაღის ნაწილს აზერბაიჯანი აკონტროლებს, ნაწილს – რუსი სამშვიდობოები [ნომინალურად – არაღიარებული მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკა]. ამასთან, ყარაბაღელი სომხების რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მსჯელობაზე აზერბაიჯანი უარს ამბობს. რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხედვაში ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდებიან.

ამ საკითებზე მსჯელობა სომხური ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ განრისხებას იწვევს. უშუალოდ ყარაბაღში კი, სიტუაციას მშვიდობიანს ვერ დავარქმევთ სხვადასხვა სახის ინციდენტის გამო. ყოველივე ეს კი, სამწუხაროდ, უფრო მეტად ომის “რეციდივის” შიშს უფრო იწვევს, ვიდრე მშვიდობის მოლოდინს.

მსგავსი პესიმისტური განწყობა აქვს აზერბაიჯანელ პოლიტიკურ მიმომხილველს შაჰინ რზაევსაც. მისი პროგნოზით, უახლოეს პერსპექტივაში რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას არავინ უნდა ელოდეს, ახალი სამხედრო გამწვავების პერსპექტივა კი ნამდვილად რეალურია.

“შესაძლოა, ხელი მოეწეროს შუალედურ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და კომუნიკაციების გახსნის შესახებ, თუმცა ყარაბაღის სომხების საკითხი ჯერ კიდევ ჰაერში იქნება გამოკიდებული, რამდენადაც აზერბაიჯანს არ სურს მათთვის რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური ან თუნდაც ეკონომიკური სტატუსის მინიჭება”.

ასეთ პირობებში კი, როგორც რზაევი მიიჩნევს, მშვიდობა დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც სომხეთი საკუთარი ნებით და ცალმხრივად წავა დათმობებზე, ყარაბაღის სომხები კი რუს სამშვიდობოებთან ერთად 2025 წელს ხანქენდის დატოვებენ.

“რაც ნაკლებსავარაუდოა, თუმცა, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ უცნობია, რა მოელის რუსეთს უკრაინაში ომის შემდეგ”.

აზერბაიჯანელი მკვლევარი ოლკინ ჰუსეინლიც, ასევე, ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს იმას, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრებას დათანხმდება, უფრო სწორედ – აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (იქნება ეს აზერბაიჯანის მიერ უკვე დაკავებული ტერიტორია, მაგალითად, შუშა ან ჰადრუთი, თუ მთლიანი ყარაბაღი) ცხოვრებას. 

მითუმეტეს, მისი თქმით, ამჟამად აზერბაიჯის ხელისუფლება არც არაფერს აკეთებს იმის საჩვენებლად, რომ ყარაბაღელ სომხებს საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს.

“მაშინ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას და დაანახოს ყველას, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი რუსი სამშვიდობოების გარეშეც და რომ მათი დისკრიმინაცია არ მოხდება. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და გაასაჯაროვოს სახელმწიფო პროგრამა აზერბაიჯანის საზოგადოებაში სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციისა”.

პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე კი განმარტავს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარიც კი ძალიან ნაადრევია – აღნიშნულ ეტაპზე საუბარია სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრების შეთანხმებაზე, საერთო ტექსტზე, რომლის მომზადებაც დავალებული აქვთ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

“და თუკი, საბოლოო ჯამში, ასეთი დოკუმენტი შედგება და მას ხელი მოეწერება, ის ორივე მხარისთვის უნდა იყოს  სასარგებლო. მისი რეალიზაცია კი უნდა იყოს უპირობო”.

ველიზადე მიიჩნევს, რომ პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება, ყველაფერთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებს შორის ხარისხობრივი და საგნობრივი დიალოგის უზრუნველყოფასაც, თუკი სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ოდესმე აზერბაიჯანის შემადგენლობაში მოუწევთ  თანაცხოვრება.

თუმცა, თანაცხოვრების საკითხის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ორი საზოგადოების რეალური შერიგების საკითხი.

ზოგადად, პოლიტიკოსებისთვის ერთმანეთში მოლაპარაკება უფრო მარტივია, ვიდრე ის, რომ შეარიგონ თუ “დაამეგობრონ” ხალხი, რომლებიც სამი ათწლეულია ერთმანეთის სიძულვილს, მტრობას, უნდობლობას და სიფრთხილეს მიაჩვიეს. მთელი ეს 30 წელი სახელმწიფო პროპაგანდა ორ ხალხს ერთმანეთის მიმართ მტრულად განაწყობდა და მეტიც, არწმუნებდა მათ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფრონტაცია ლამის სამყაროს შექმნისთანავე გაჩნდა. ახლა კი, დიდი სურვილის შემთხვევაშიც, სათუოა, რომ ამ პროპაგანდამ მისივე ფორმირებული მტრის ხატი კეთილი მეზობლის ხატად შეცვალოს.

დღესდღეობით, ხელისუფლება არც კი ცდილობს ამ კუთხით რაიმე შეცვლას, რაზეც მეტყველებს თუნდაც, სათაურები აზერბაიჯანულ მედიაში. ასეთი სათაურები არა მხოლოდ პოლიტიკური ამბების დროს, – ისეთი ტიპის თემებზეც გვხვდება, როგორიცაა, მაგალითად, სამხრეთ კავკასიის დემოგრაფია, სადაც ამბავი იწყება იმით, რომ “სომხეთი ბერდება”, რითაც, გარკვეულწილად, საკუთარ მკითხველს საშუალებას აძლევენ, ამ ფაქტით გახალისდნენ და გაიხარონ. თითქოს, მსგავსი გარემოებები მხოლოდ დეტალია, თუმცა, სწორედ ასეთი მრავალრიცხოვანი დეტალებისგან შედგება დღევანდელი პროპაგანდაც.

აზერბაიჯანელი პოლიტილოგი შაჰინ რზაევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება, კერძოდ კი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საკმაოდ მარტივად შეძლებს საკუთარი საზოგადოების “გადართვას” ახალ სამშვიდობო რეალიებზე, თუკი ამის საჭიროება დადგება. აი, სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს კი, მისი აზრით, დიდი ძალისხმევა მოუწევს იმისთვის, რომ სომხურმა საზოგადოებამ მიიღოს ახალი რეალიები, თუკი ისინი რეალურად გაჩნდება.

დევნილი ვაფა ფარაჯი, რომელმაც ჯერ კიდევ ყარაბაღის პირველი ომის დროს დატოვა ყარაბაღი, ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება მომხდარის დავიწყება და პატიება, თუმცა, ამავე დროს სამშვიდობო შეთანხმების გარდაუვალობაზე და აუცილებლობაზე საუბრობს.

“ჩვენ მეზობლები ვართ და ერთმანეთს ვერსაც გავექცევით. შეხედეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორისაც იყო ომები, დღეს კი მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობენ ევროკავშირის შემადგენლობაში. ჩვენი თაობა, რომელიც ომის მომსწრე გახდა და თავად დაზარალდა, ბოლომდე ერთმანეთს მაინც ვერ ენდობა. აი, შემდეგი თაობისთვის კი, შესაძლოა, რეალურად დადგეს მშვიდობა”.