გიგა ბოკერია: “გასაღები ივანიშვილის ხელშია”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე ხელისუფლება გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გათავისუფლებს, აღნიშნული საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იქნება.

„მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს მეგობრებისგან. ეს ის არის, რაზეც ქართული საზოგადოების წინაშე ივანიშვილმა პირობა დადო და ეს პირობა დღემდე არ შესრულებულა. ჩვენ მადლობელი ვარ საქართველოს მეგობრების. თუკი ივანიშვილის რეჟიმი რაღაც დროის მანძილზე ამ პირობას არ შეასრულებს, კერძოდ, დარჩენილ პოლიტპატიმარს გიორგი რურუას გათავისუფლებს, ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იქნება. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, ვითარება დარეგულირდეს, სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებში, შემდეგ იყოს შედარებით ნორმალური კამპანია და მერე ყველა შეეგუოს, მათ შორის პირველ რიგში, ივანიშვილი ამომრჩევლის ვერდიქტს. ეს არის ჩვენი ამოცანა. სამწუხაროდ, ამ ვითარების გასაღები ივანიშვილის ხელშია, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან. მის ხელშია რურუას გამოშვება, ხმების მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის. ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, ისევე როგორც საქართველოს მეგობრები, რომ ამ საკითხში მონაწილეობა მივიღოთ, ოღონდ სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, გასაღები ივანიშვილის ხელშია. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ისაა, რომ ამაში მონაწილეობის მიღება გვსურს, ოღონდ ჯერჯერობით შეთანხმება შესრულებული არ არის“,-განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ასევე, შეთანხმების ყველა ხელმომწერს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

 

წყარო: იპნ.გე