ცენტრისტი ლიბერალები და რუსოფობები ერთიანდებიან

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ანა დოლიძე განმარტავს, რომ მემორანდუმის მიზანი იმ პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს. ასევე საინტერესოა ვისთან აპირებენ ისინი თანამშრომლობას. უკვე ახალი პლატფორმის წევრები არ გამორიცხავენ, შესაძლოა მათი თანამშრომლობა “ლელოსთან” ან თამარ ჩუგოშვილთან მოხდეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი პოლიტიკური პლატფორმა – დოლიძე-ელისაშვილი-კობერიძე “ლელოსკენ” იხრება.

“დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანა უპერსპექტივობის ჭაობშია ჩაფლული და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილნი არიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. ხოლო საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული ორ ძალას აქვს. მისი თქმით, ამ სამ ადამიანს სუფთა წარსული აერთიანებს. “ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მსჯელობის და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა და რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს”, – განაცხადა ანა დოლიძემ. ალეკო ელისაშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს არის პლატფორმის პრეზენტაცია და არა პარტიის. მისივე თქმით, ეს იქნება სივრცე და მაგიდა, სადაც საქართველოზე შეყვარებული ადამიანები შეიკრიბებიან. აქ კი მთავარი სამსჯელო და საფიქრალი მხოლოდ საქართველო იქნება”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენთან 30 წელია პოლიტიკურ პროცესად მიჩნეულია სიძულვილი, ზიზღი, გაუთავებელი დაპირისპირება. ხალხი იხრჩობა სიღატაკეში და ქვეყანა გახდა წარუმატებელი, მაჩანჩალა, საიდანაც ადამიანები გარბიან. ჩვენ გვინდა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, პოლიტიკა ხალხის სამსახურია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისივე თქმით, პლატფორმას მხოლოდ მსგავსი ღირებულებების პოლიტიკოსები, თუ პარტიები შეუერთდებიან. ელისაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია და ამიტომაც არ გამორიცხავენ, რომ ეს სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადადაც ჩამოყალიბდეს”, – განაგრძობს გამოცემა.

“ლევან კობერიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახლა ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და მისი დაძლევა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების შეცვლით იქნება შესაძლებელი. “მას შემდეგ რაც პარლამენტში მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ შეიცვალა და რაღაცა ტიპის გარღვევა არ მოხდა, ქვეყანაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონსულტაციები მიდის. შესაბამისად, რა სახის პოლიტიკურ კონფიგურაციაში ჩაჯდება ეს პლატფორმა, მომავალი გვიჩვენებს. გვაქვს კონსულტაციები თამარ ჩუგოშვილთან, პარტია “ლელოსთან”, ეს არის ის ძირითადი წრე”, – განაცხადა ლევან კობერიძემ, რომლის თქმით, “ასევე საუბარია თამარ ხულორდავაზე, დიმიტრი ცქიტიშვილსა და გიორგი მოსიძეზე”, – დასძენს გამოცემა.

 

წყარო: იპნ.გე