პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა:
„დღეს 7 საათზე სააკაშვილის ოჯახი ციხესთან მიდის და გაიმართება აქცია. ძალიან კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება 7 თვის თავზე. ეს კატასტროფაა. მე რაც შემიძლია, ვაკეთებ. ერთი ადამიანის პირობებში მეტი რა გავაკეთო, არ ვიცი. სულ ვამბობ, რა არის სისუსტე? ვერაფრით ვერ მივაღწიე იმას, რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს რუსთაველზე. ეს არ არის ჩემი აჩემება, ეს არის აპრობირებული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი კარგად გავლილი, ბევრად უფრო გამოცდილ პოლიტიკოსებთან. დიახ, რუსთაველი იყო აფორიაქებული, როდესაც მე ვიყავი ოპოზიციაში სააკაშვილის დროს. ახლა რომ გამოისხეს ფრთები, სამი თვე იყო რუსთაველი აქოთებული, ხო ესე იყო?
ძალიან საინტერესო მესიჯბოქსი შემოვარდა. ერთი და იგივე მესიჯბოქსებს ახმოვანებენ ირაკლი კობახიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი და იაგო ხვიჩია, სტატუსებს ვეყრდნობი მხოლოდ. 20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, დიდი აქცია როცა ჩატარდა და მთელი საქართველო იყო გამოსული და ეს არ იყო მხოლოდ ერთი პარტიის გამოყვანილი, თქვენ გახსოვთ, როგორი კრიტიკა დაიმსახურა ჩემმა გამოსვლამ, როდესაც ვიკითხე, რომ ამ აქციის „გასაღები“ როგორ აღმოჩნდა ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ხელში.
ყველაზე მსხვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ანტურაჟს უქმნიდა უმცირეს „ევროპულ საქართველოს“, რომელმაც თავის დროზე შუაზე გაანგრია „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის თავმჯდომარე გახლავთ ნიკანორ მელია, რომელმაც დააძინა პროცესი. მე კიდე კითხვას ვსვამ, „გასაღებიც“ ნიკანორ მელიას მიცემული ხომ არ აღმოჩნდა „ევროპული საქართველოსთვის“. მოგებული ომი წაგვაგებინეს, აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი.”