სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ორშაბათამდე აძლევს ვადას უცხოეთში გადასაყვანად

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ორშაბათამდე, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა 28 აპრილს, საღამოს რუსთავის ციხესთან, ოჯახთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ოჯახი პერმანენტულ აქციებს გამართავს.

დავით სააკაშვილმა არგუმენტად მოიყვანა მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტი მძიმედაა.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, – მშობლები და ძმა, – ასევე მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს იგი.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება.

ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

„ამბობს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს და არ შეუძლია რეაბილიტაცია მიიღოს იმ ხალხისგან, ვინც ეს პრობლემა გამოიწვია მასთან — ეს მისი სიტყვებია“, — განმარტა აბულაძემ.

 

“ნეტგაზეთი”