“შეთანხმება შედგება, როცა კიევში იხელმძღვანელებენ უკრაინელი ხალხის და არა უცხოელი მრჩეველების ინტერესებით” – სერგეი ლავროვი

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, თუმცა ამას დასავლეთის წამქეზებლური ქმედებები უშლის ხელს, – ამის შესახებ Xinhua-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები ყოველდღიურად ვიდეოფორმატში მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმების მიღწევა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა კიევში იხელმძღვანელებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებით, და არა უცხოელი მრჩეველების ინტერესებით. უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაძაბულობის დეესკალაციაში როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება გარანტი ქვეყნების ინსტიტუტის შექმნა, რომელთა შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი იქნებიან“, – განაცხადა ლავროვმა.