დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.  აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგულის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით.

მათი ცნობით, საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

 

 

 

 

“ინტერპრესნიუსი”