“ქართულ ოცნებას” კიდევ მივეცით დამატებითი დრო, რათა რეალური ნაბიჯები გადადგას

საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცებას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, თუკი მეორე მოსმენისას კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, ის პოლიტიკურ სიმძიმეს დაკარგავს.

“ნაციონალურ მოძრაობისა” და ოპოზიციის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება იმ პოლიტიკური სიმძიმის, პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით და არჩევნებისადმი ნდობის წარმოქმნის თვალსაზრისით. ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური დევნა, არიან პოლიტიკური პატიმრები და ხელისუფლება აპირებს იმ ძველი ცოდვების გამეორებას, რასაც ჩადიოდა ყოველთვის,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის თქმით, იმისთვის, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა მეორე მოსმენისასაც ჰქონდეს, აუცილებელია 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს.

“პირველ მოსმენაზე მხარდაჭერით “ქართულ ოცნებას” კიდევ მივეცით დამატებითი დრო იმისთვის რომ რეალური ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური დევნის ნაწილში. თუ როგორ იმოქმედებენ ისინი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი ამის პროგნოზირება რთულია. ჩვენ ნებისმიერ სცენარისთვის მზად ვართ. ამიტომ თუ ჩვენი ხმების გარეშე გააქვთ სისტემა, ეს არ გამოიწვევს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, შესაბამისად არ მოჰყვება ამას ნორმალიზაცია პოლიტიკური ვითარების,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მმართველ გუნდში  კი დარწმუნებულები არიან, რომ პირველს მსგავსად დანარჩენი მოსმენებიც ამჯერად ოპოზიციის გარეშეც კი წარმატებულად ჩაივლის.

“თუკი “ნაციონალურ მოძრაობას” ან მის ახალ კლასტერს გადაწყვეტილი აქვს რომ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს, დაიჭიროს ან გადაწყვიტოს კონკრეტული ადამიანის ბედი, მაშინ იმედი თუ აქვთ გამარჯვებაში, გაიმარჯვონ და დააბრუნონ ის ვითარება, რომელიც 2012 წლამდე ჰქონდათ.

რეალობაში რაც მოხდა ეს არის ქართველი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება,” – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დეპუტატები კენჭს, სავარაუდოდ, ხვალ უყრიან. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

 

 

 

 

“კურიერი”