საქართველოში გვაქვს 14.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ზრდის მაღალი მაჩვენებელი

პირველი კვარტლის შეჯამების შედეგად საქართველოში გვაქვს 14.4% ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა და გარკვეულწილად ეს არის გაგრძელება შარშანდელი საკმაოდ სწრაფი ეკონომიკის აღდგენის პერიოდისა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბუნებრივია ეკონომიკაზე ჯერჯერობით პირველ კვარტალში არ არის ასახული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული რისკები, რომელიც ჩვენს რეგიონში ფიქსირდება, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებთან ფიქსირდება, შესაბამისად, ეს ზრდა, რომელიც მოცემულია, პირველი კვარტლის ზრდა არის გარკვეულწილად იმ ზრდის და იმ ტემპის გაგრძელება, რომელიც გვქონდა საკმაოდ სწრაფი აღდგენის პერიოდი გასულ წელს. შეგახსენებთ, 10.4%-ით გაიზარდა გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა და ეს 2.9%-ით უფრო მაღალია ვიდრე 2019 წელს, ანუ სრულად მოხდა 2020 წლის ეკონომიკური კრიზისიდან ვარდნის კომპენსირება და 2021 წელს უკვე 2.9-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა. სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ასევე მოხდა პროგნოზების გადახედვა და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალია გაურკვევლობა ყველა მიმართულებით, შესაბამისად ჩვენ არ ვჩქარობთ პროგნოზების ცვლილებას, დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მეორე კვარტლის მიმდინარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია განვაახლოთ ჩვენი პროგნოზები“, – განაცხადა ხუციშვილმა.