საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 დეპუტატის მყარი მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები. მნიშვნელობა არ აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა რომელიმე რადიკალური პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ ჩვენი გზა და არჩევანი გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე, იძულებული იყვნენ, რომ პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან მათზე იყო ელჩების ზეწოლა. ნახეთ ელჩების ღია განცხადებები. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მოუწიოთ მეორე და მესამე მოსმენის დროს კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა ეს, საბოლოო ჯამში, მათი არჩევანია. საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი და საქართველოში არჩევნები ისეთი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რომელზეც თანხმდება პრინციპულად სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის მთავარი და არა ის, ვინ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი გუშინ უყარეს. კანონის პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.
“იმედინიუსი”