“ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“ – ისრაელის პრემიერი.
ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ დაუშვებელია ჰოლოკოსტის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
ბენეტის განცხადება მისმა კანცელარიამ გაავრცელა.
„განსაკუთრებული სერიოზულობით აღვიქვამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. მისი სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება, მათი გზავნილი კი მცდარია. ასეთი ტყუილის მიზანია თავად ებრაელების დადანაშაულება ისტორიაში ყველაზე საშინელ დანაშაულებში, რომელიც მათ წინააღმდეგ იყო ჩადენილი და ამით ისრაელის მტრებს პასუხისმგებლობა მოხსნან“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
ბენეტის თქმით, თანამედროვე ისტორიას არ უნახავს ჰოლოკოსტის მსგავსი ტრაგედია.
„ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – დაასკვნა პრემიერმა.
იტალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას თქვა, “ის აყენებს არგუმენტს: როგორი ნაციფიკაცია შეიძლება, ჰქონდეთ, თუ ის ებრაელია. შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. როგორც ჩვენთან ამბობენ, ყველა ოჯახშია მახინჯი”.
წყარო: newposts.ge