5 სახელმწიფო სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და დამოკიდებულ ტერიტორიაზე გავრცელდა, მათგან ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს 125 სახელმწიფოში გადააჭარბა, 10 ათასს – 65-ში, 100 ათასს 18-ში და 300 ათასს 5-ში.

ევროპაში ყველაზე მეტი – 305 ათასი კოვიდინფიცირებული ბრიტანეთში აღირიცხა, მსოფლიოში ის ამ მხრივ მე-5 ადგილს იკავებს. 42 647 გარდცვლილით ბრიტანეთი ევროპაში პირველ და მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. მსხვერპლის რაოდენობით ბრიტანეთი იტალიას 8000-ით ასწრებს. სიკვდილიანობის კოეფიციენტი ამ ქვეყანაში 14%-ს აღწევს.

მოსახლეობით მეორე ინდოეთი, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეოთხე ადგილზე იმყოფება. 440 ათასი ინფიცირებულიდან 14 015 პაციენტი გარდაიცვალა. სიტუაცია განსაკუთრებით მაის-ივნისში დამძიმდა. ბოლო 1 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა 93 ათასით გაიზარდა.

592 ათასი ინფიცირებულით რუსეთი მესამე ადგილს იკავებს. ოფიციალური მონაცემებით ვირუსს 8206 ადამიანი ემსხვერპლა. ამ მონაცემებით სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1.4%-ს შეადგენს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით გამოქვეყნებული რიცხვები რეალობას არ ასახავს და გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ შვიდნიშნა მაჩვენებელს მიაღწია და ამჟამად ეს რიცხვი 1.09 მლნ-ს შეადგენს. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 25-30 ათასით იზრდება, 19 ივნისს აბსოლუტური რეკორდი – 55 209 დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 22 ივნისის მონაცემებით 50 737-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლითაც მეორე ადგილზე იმყოფება.

როგორც ინფიცირებულთა ასევე გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ უცვლელ 1-ელ ადგილს იკავებს. 22 ივნისის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2.37 მლნ-ს მიაღწია, რაც მსოფლიო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 26%-ს აღწევს. 122 398 გარდაცვლილით ზუსტად იგივე პროცენტული წილი უჭირავს დაღუპულთა რაოდენობაშიც. 50-დან 7 შტატში: ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსიში, ილინოისში, ტექსასში, მასაჩუსეტში და ფლორიდაში ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება.

ჯამში ამ 5 სახელმწიფოში ინფიცირების 4.8 მლნ შემთხვევაა დადასტურებული, რაც მსოფლიო მაჩვენებლის 52%-ს აღემატება.