საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

ფრაქცია “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საპარლამენტო ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით და გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ხსნის.
ოპოზიცია ბოიკოტის მიუხედავად აცხადებს, რომ “ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, რადგან ივანიშვილს კანონპროექტის ჩაგდების რესურსი აღარ აქვს.

“იქამდე არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, ვიდრე შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას დაემუქრა საფრთხე. დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი. სულ რომ კორონავირუსი დაემართოს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს. ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედანაც, შიგნითაც და მან ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე, რას ნიშნავს ჩათრევა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაყოლოდა. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამას ივანიშვილი გააკეთებს. ჩვენ კენჭისყრაში მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება. კონსტიტუციის მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.” – განაცხადა გოცირიძემ.

 

 

 

“ნიუპოსტი”