ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას — ომბუდსმენი

სახალხო დამცველის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნიკა გვარამიას საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი.

„დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს. მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა:

  • ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება),
  • არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის გზით
  • რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს.

მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა“, — აცხადებს სახალხო დამცველი.

ამრიგად, ომბუდსმენის შეფასებით, საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილებას 16 მაისს გამოაცხადებს.

“ნეტგაზეთი”