“არასწორი მიდგომაა” – მმართველ პარტიაში აშშ-ის საელჩოს განცხადებას უპასუხეს.
აქართველოში აშშ-ის საელჩომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.
არასწორი მიდგომაა, თითქოს პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები აქვთ და შეუძლიათ მართლმსაჯულებას თავი დააღწიონ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.
– “ვიღაცას ნორმალური ჰგონია, რომ რადგან სააკაშვილი პოლიტიკოსია, მას უფლება აქვს გაექცეს მართლმსაჯულებას. თუმცა, გაუგებარია, ასეთი უფლება რატომ არ შეიძლება ჰქონდეს დანარჩენ 9 ათას მსჯავრდებულს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა, თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა” – განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.
მისი თქმით, როდესაც პოლიტიკოსის ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობს, ყოველთვის „განსაკუთრებული ინტერესი“ შეიმჩნევა.
„ასეთ საქმეებზე არ შეიძლება უყურადღებობა და სტანდარტი, რომლითაც უნდა წარმოებდეს ეს საქმე, უნდა იყოს უმაღლესი. ეს არის ის, რაც ნაწილობრივ თქვა აშშ-ს ელჩმაც… მან თქვა, რომ კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს და ეს არის მართებული შეფასება“ – განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის აზრით, კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს პოლიტიკოსთან ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების მიმართ სამართალწარმოების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზეც. „ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე, გამოირიცხება“ – აღნიშნა სარჯველაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ცუდად არის გამჯდარი ინდულგენციის თემა და ამის შემოქმედები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები პოლიტიკური ინსინუაციებით შეეცდებიან ეს გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად. შეეცდებიან გამოაცხადონ ადამიანი პოლიტდევნილად მარტო იმიტომ, რომ რაღაც ქულები დაიწერონ“ – განაცხადა დეპუტატმა.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია„რუსთავი 2“-სთვის6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2″-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
„შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკამიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ“ – აღნიშნულია აშშ-ის განცხადებაში.
როგორც საელჩოში აღნიშნეს, ეს განსაკუთრებით დაუშვებელია იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს და სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.
„აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, აღნიშნულმა სისხლის სამართლის საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით.
წყარო: sputnik-georgia.com