მსახიობი ბესო ზანგური „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა იმის გამო, რომ ქართული კულტურა სათანადოდ არ არის დაფასებული, ხელისუფლებასთან შენიშვნები აქვს.
„პრაიმტაიმი“ მსახიობს ესაუბრა, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით ისაუბრა კულტურის პრობლემებზე და არც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა კრიტიკის გარეშე.
– ბესო, სანამ სხვა თემებზე ვისაუბრებთ, გვიამბეთ როგორ იმოქმედა თქვენზე კორონავირუსით გამოწვეულმა იზოლაციამ?
– მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან შემეხო ეს პერიოდი, კერძო სახლში ვცხოვრობ, ბასეინი მაქვს და ჩაკეტილობა ვერ ვიგრძენი. შემოქმედებითად კი, ძალიან განვიცადე, მენატრება სპექტაკლი, სცენა…
ჩავიკეტეთ მსახიობები. საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან დაარტყეს კულტურას და ამ ჩაკეტილობამ საერთოდ გაგვაჩერა. ხელოვანი ყველაზე ცოდვაა, როდესაც უნდა რაღაცის გაკეთება და ვერ აკეთებს.
– პირადად თქვენ, რა გიშლით ხელს იმის გაკეთებაში, რაც გინდათ გააკეთოთ?
– დრო ჩერდება. მსახიობისთვის ძვირფასი არის დრო. ხანდაზმული ხდები ნელ-ნელა, ემოციები გროვდება და ამ დაგროვილ ემოციას რომ ვერ ხარჯავს, სხვანაირად გამოდის მისგან.
ჩემზე დამანგრევლად მოქმედებს გაჩერებული ცხოვრება, ექშენს ვარ მიჩვეული. უცებ გაჩერდა ყველაფერი, თუმცა შინაგანი პროცესი არ ჩერდება და ითხოვს ამ ყველაფრის დახარჯვას. აბსოლიტურად ყველა ემოცია გამიქრა და ესაა საშინელება.
– მეჩვენება თუ უკმაყოფილო ხართ კულტურის მიმართ არსებული პოლიტიკით…
– კი, საქართველოში კულტურა არის 34 ადგილზე და ეს არის კატასტროფა. კულტურის სამინისტროც კი გაუქმდა, საქართველო კულტურის ქვეყანაა, ამით იცნობს მსოფლიო, ფეხბურთიც კულტურის დონეზე იყო ერთ დროს. ინგლისელებმა თქვეს ქართველებმა გვასწავლეს ფეხბურთი და შექსპირიო.
ქართული კინოც აღარ არსებობს, ან უკიდეგანო უნიჭობა არსებობს, იმიტომ არომ არ არის ფული, არ არის პროფესიონალიზმი. ქართული კულტურა არის ძალინ რთული რამ. ამის გაჩერება არის ერის სულიერი სიკვდილი.
– ხელისუფლება აჩერებს კულტურის განვითარებას?
– მე ვერ ვიტყვი რომ ხელისუფლება აჩერებს, თუმცა ისიც არ მინდა გამოვიდეს, თითქოს ყველაფერს წინა ხელისუფლებას ვაბრალებ, მაგრამ სწორედ მათ დროს დაიწყო ქართული ეკლესიის და კულტურის ნგრევა.
ნაციონალები ბოროტებაში ნიჭიერები იყვნენ. იცოდნენ, საქართველოს წელში გატეხავდა ეკლესია და კულტურა, ამიტომ, პირველ რიგში მოწამლეს პატრიარქი და შემდეგ რობერტ სტურუა გაუშვეს თეატრიდან.
დროზე მოუსწრო ივანიშვილმა, მოკიდა ხელი და სააკაშვილი გააგდო ქვეყნიდან. აღადგინა ეკლესიები, გაოგნებული პატრიარქი რომელსაც ნაციონალები უვარდებოდბენ საპატრიარქოში, ძლივს მოიყვანეს გონზე.
მე 15 წელი ვიღებდი ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ სტიპენდიას და ეს კაცი ერთხელაც არ ყოფილა ჩემს სპექტაკლზე. მადლობელი ვარ ამ ადამიანის. ახლა რომ მისი კრიტიკა დავიწყო, ვიქნები გიორგი მარგველაშვილი.
როგორც ბესო ზანგურს ბრძანება მაქვს, მიხედონ იმას რაც მოვიტანეთ უშუქობით, სიცივეებით და უძილო ღამეებით. მთელი მსოფლიო ფეხზე დამდგარი გვიკრავს ტაშს და ნუ ჩაფერფლავენ ამას.
მე ვერ გავამრთლებ რომ ამას ვერ ხედავს ზოგიერთი ხელისუფალი იმის გამო, რომ 24 საათი ებრძვიან ნაციონალურ მოძრაობას. აუცილებლად დამნაშავეები არიან იმაში რომ უნდა მიხედონ კულტურას.
მარტო ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და გიორგი გახარია ამინდს ვერ შექმნის ქვეყანაში. ყველა ერთად უნდა გაინძრეს.
– რატომ შეგიჩერდათ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსება?
– არ ვიცი რატომ შემცირდა, მაგრამ გადაწყდა, რომ მხოლოდ პენსიონერ მსახიობებს დაეხმაროს.
ჩვენ ახლა იმაზე ნაკლები ხელფასი გვაქვს, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გვქონდა. უფრო სწორად, ხელფასი გაგვეზარდა ას-ასი ლარით, სამაგიეროდ მოგვეხსნა დანამატები.
– საქართველოს პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რობერტ სტურუამ საზოგადოებას წარუდგინა სპექტაკლი „ბედი ქართლისა“, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრების განაწყენება მოჰყვა, რა მოხდა რეალურად?
– მე მეგონა უფრო განაწყენდებოდნენ, ჩვენ რუსთაველის თეატრის ხალხი ვართ, ხალხი რომელიც 37 წლიდან მოყოლებული ოპოზიციაშია მთავრობასთან და ყოველთვის ამბობს სათქმელს.
ყველაფერი გადაგვიტანია, თუ განაწყენდებიან მოიქცნენ ისე რომ აღარ დავუდგათ ასეთი სპექტაკლი.
რობერტ სტურუა არის საქართველო, მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორი და რომ ფიქრობდეს რომელ მედროვე პარლამენტარს ეწყინება მისი სპექტაკლი, რობერტ სტურუა აღარ იქნება.
მე ძალიან დამაფასა „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ დავდგები მის გვერდით, უბრალოდ კულტურა ვერ დააფასა
არიან ადამიანები ვის გამოც დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად ესენია ღარიბაშვილი, გახარია, კალაძე და ივანიშვილი.