იტალიამ უკრაინაში სამშვიდობო მოგვარების ეტაპობრივი გეგმა წარმოადგინა, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტით, გაგრძელებული „სადავო ტერიტორიების შესახებ“ ხელშეკრულებით და დამთავრებული, ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ზოგადი მრავალმხრივი შეთანხმებით, – იუწყება “ტასი“.
ხუთშაბათს გაზეთ La Repubblica-ს ცნობით, ეს გეგმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერმინისტრის მონაწილეობით მოამზადა, წინა დღით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს წარუდგინა. მას ასევე გაეცნენ G-7 ქვეყნების წარმომადგენლები.
წარმოდგენილი საგზაო რუკის მიხედვით, წერს გაზეთი, პირველ ეტაპზე აუცილებელია ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მიღწევა, იმ პირობით, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. გეგმის განხორციელებას, სავარაუდოდ, ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო მედიაციის (ან ფასილიტაციის) ჯგუფი, რომელიც მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, თურქეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი, კანადა, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი და ისრაელი. უკვე გამოავლინეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, ესენია გაერო და ევროკავშირი.
ცეცხლის შეწყვეტა ითვალისწინებს ფრონტის ხაზის დემილიტარიზაციას. მეორე ეტაპზე, გეგმის მიხედვით, უკრაინის სტატუსზე საერთაშორისო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რაც ითვალისწინებს უკრაინის ნეიტრალიტეტს უსაფრთხოების გარანტიებით. ეს სტატუსი ასევე უნდა გულისხმობდეს ევროკავშირში უკრაინის შეუფერხებელ გაწევრიანებას. ამ მიზნების მისაღწევად შემოთავაზებულია საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მოწყობა.
გარდა ამისა, საერთაშორისო შუამავლობით, შემოთავაზებულია რუსეთსა და უკრაინას შორის „ტერიტორიული დავის“ განხილვა. როგორც Repubblica წერს, რომის მიერ ჩამოყალიბებული წინადადებები გულისხმობს ყირიმისა და დონბასის სრულ ავტონომიას ენობრივი და კულტურული კუთვნილების უფლების გარანტიით, სრული თვითმმართველობისა და დამოუკიდებელი უსაფრთხოების დამყარებით, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დამტკიცებით.
მეოთხე ეტაპზე იგეგმება მრავალმხრივი შეთანხმების გაფორმება ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაარეგულირებს ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებს. პრიორიტეტულ ამოცანებს შორისაა სტრატეგიული სტაბილურობა, განიარაღება და შეიარაღების კონტროლი, კონფლიქტების პრევენცია და ურთიერთნდობის განმტკიცების ღონისძიებები. ის ასევე ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას, რასაც სანქციების ეტაპობრივი გაუქმებაც უნდა დაუკავშირდეს.
ჩვენი კომენტარი: უკრაინაში მიმდინარე მძიმე სამხედრო ოპერაცია, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებით დასრულდება, მაგრამ არა ასეთით, როგორც იტალიის მთავრობას (და არა მარტო მას – ეს აშკარაა!) წარმოუდგენია. ახლა რუსეთი ისე აღარ მოტყუვდება, როგორც არაერთხელ მოიტყუა თავი, გორბაჩოვის და ელცინის დროს. რუსეთის ახლანდელი ლიდერი, ვლადიმირ პუტინი ასეთ დათმობებზე აღარ წავა (და არც ისეთზე, თვითონაც რომ აკეთებდა დასავლეთის “ლამაზი თვალებისთვის”). ჯერ შეიქმნება მყარი ფაქტები – დონეცკის ბასეინის სრული გათავისუფლება უკრაინული შეიარაღებული დაჯგუფებებისგან, სამხრეთუკრაინული რეგიონების შემომტკიცება რუსეთის მოკავშირის სტატუსით და, შესაძლოა, დნესტრისპირეთამდე სახმელეთო “ხიდის” გადება. დათმობები რუსეთის მხრიდან მხოლოდ ამ მყარი ფაქტების ფარგლებს გარეთ იქნება დასაშვები.
თუმცა ჯერ ის ვიკითხოთ, თუ რა შეიძლება იყოს იტალიის ინიციატივის მიზეზი, რომლის უკან ამერიკული ექსპერიმენტის კვალი იკვეთება?
ვფიქრობთ, რომ დასავლეთი იწყებს გაცნობიერებას: რუსეთმა გაუძლო ყველანაირ დასავლურ სანქციებს და ომის გაგრძელება რუსეთს ეკონომიკურად წელში ვერ გასტეხს. რუსეთი ფლობს დიდ ბუნებრივ რესურსებს, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასავლური კაპიტალი – მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური დონე არც ისე კატასტროფულად ჩამორჩება დასავლეთისას. უკრაინის მონაცისტო რეჟიმი კი პირიქით, გრძელვადიან ომს ვერ გაუძლებს ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით. ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა; რაც არ უნდა იკიჟინონ უკრაინის პროპაგანდისტებმა ხარკოვის მიდამოებში რუსული ჯარის შევიწროებით, ეს ფრონტზე არსებულ მთლიან ტენდენციას არ ცვლის – სტრატეგიული შეტევა რუსეთის არმიის მხრიდან გრძელდება. რუსეთი აგრძელებს შედარებით მცირე ძალებით ბრძოლას, არმიის რიცხოვნობა არ გაზრდილა სამშვიდობო დროის რიცხოვნობაზე მეტად, რუსეთს რეზერვში აქვს მობილიზაციის შესაძლებლობა და მაშინ ხომ რუსულ ზვავს საერთოდ ვერანაირი უკრაინა ვერ შეაჩერებს, თუნდაც ნატოს ქვეყნები ღიად ჩაერთონ ბრძოლებში. ამიტომ, დასავლეთი ფრთხილობს და ნიადაგს სინჯავს, რა რეაქციები იქნება იტალიურ ინიციატივაზე მოსკოვიდან.
რეაქცია, ჯერ-ჯერობით, ნულის ტოლია.