აფბა “კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ “კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან.

აფბას განცხადებით, კომუნიკაციების კომისიაში 25 ივნისს გაიმართება ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთი მხრივ ქვეყანა აღმოჩნდება ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, მეგობარი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს ფაქტობრივად ვაძევებთ საქართველოდან, რაც საკმაოდ უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის.

ამავდროულად, როგორც ცნობილია, “კავკასუს ონლაინს” კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, შესაბამისად თუ ამ საქმეში რაიმე დარღვევა არსებობს, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა მართლმსაჯულების სისტემამ და არა კომუნიკაციების კომისიამ ზეპირი მოსმენის საფუძველზე.

აფბას შეფასებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს. ასევე, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე, ვინაიდან ბაზარზე სამის ნაცვლად მხოლოდ ორი კომპანია დარჩება. ხოლო, კომუნიკაციების კომისია თავადაც ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად. კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას.
პანდემიის გამო, შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ნებისმიერი ინვესტორი და განსაკუთრებით მსხვილი ინვესტორები ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესნი არიან, თითოეულ მათგანს მოფრთხილება და შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდებათ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19 ის ფონდში, აღნიშნულმა ინვესტორმა ერთი მილიონი ლარი გადარიცხა.

დარწმუნებული ვართ, ამას ეკონომიკის სამინისტროშიც და ინვესტორთა საბჭოშიც კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ მათ კომუნიკაციების კომისიის დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამო ნუ დააზარალებენ ქვეყანას.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, მაშინ, როდესაც ინვესტიციები საკმაოდ შემცირებულია ქვეყანაში და იგი ბოლო წლების ისტორიულ მინიმუმზეა, მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტად აზიანებს საინვესტიციო გარემოს და უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკითხით დაინტერესდეს ეკონომიკის სამინისტრო და ინვესტორთა საბჭო და დაუფიქრებელი ქმედებების გამო არ დაუშვან უმსხვილესი ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან.

commersant.ge