„მე და ჩემმა ცოლმა უკრაინელი ლტოლვილი მივიღეთ, ცოლ-შვილი მივატოვე და მასთან ერთად ოჯახიდან წამოვედი” – ნამდვილმა ომმა ოჯახური ომიც გამოიწვია

ბრიტანული ტაბლოიდური პრესა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ყურადღებას უთმობს საკმაოდ დელიკატურ და, იმავდროულად, გახმაურებულ ფაქტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ლტოლვილი ქალიშვილის, 22 წლის ლვოველი სოფია კარკადას ყოფნას ეხება.

გაზეთი-ტაბლოიდი „სანი“ (The Sun) აქვეყნებს სტატიას სათაურით – „მე და ჩემმა ცოლმა უკრაინელი ლტოლვილი მივიღეთ, ათი დღის შემდეგ ცოლ-შვილი მივატოვე და ლტოლვილთან ერთად ოჯახიდან წამოვედი“ (ავტორები – პოლ სიმსი და კევინ დონალდი).

ისტორია ასეთია: უესტ-იორკშირის საგრაფოში, ბრედფორდში, 29 წლის ტონი გარნეტმა და მისმა ცოლმა – 28 წლის კორნამ 22 წლის ლვოველი ლტოლვილი სოფია კარკადა შეიკედლეს. როგორც სოფია ჰყვება, მას მასპინძელი დანახვისთანავე მოეწონა, თავის მხრივ, ტონიმაც უკრაინელ ლამაზმანს „გული გაუღო“ და მათ შორის სიყვარულმა დაისადგურა.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ რას ვიზამთ… მესმის, რომ ხალხი ჩვენზე იჭორავებს, ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი რამ ხდება ხოლმე. მე ვხედავდი, რა უბედური იყო ტონი თავის ცოლთან“, – ამბობს სოფია „სანის“ კორესპონდენტებთან საუბარში.

29 წლის ტონი გარნეტს ლორნასთან ორი შვილი ჰყავს. „დიდად ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ლორნას, რომ მას ასეთი ტკივილი მივაყენე, მაგრამ სოფია ისე შემიყვარდა, რაც ადრე არასოდეს განმიცდია“, – ამბობს ტონი, – “ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ სიცოცხლის დარჩენილი დრო ერთად გავატაროთ“.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ კეთილშობილი ნაბიჯი გადაგვედგა და უკრაინელი მოქალაქისთვის თავშესაფარი მიგვეცა, რომელიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, კაცი იქნებოდა ის თუ ქალი… ასეთი ადამიანი აღმოჩნდა სოფია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა. მე მისი მადლობელი ვარ“, – ეს ტონის სიტყვებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დაცვის მუშაკი არის.

ცოლ-ქმარმა – ტონიმ და ლორნამ განაცხადი შეიტანეს ლტოლვილის მიღებაზე. სოფია ბერლინიდან მანჩესტერში ჩაფრინდა და დაუყოვნებლივ გაემართა ბრედფორდში. სამწუხაროდ, მის გამო ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობა შეიქმნა: ტონიმ ლორნას უთხრა, რომ (შვიდი და სამი წლის ასაკის) ბავშვების ორი ოთახიდან ერთ-ერთი სოფიას დავუთმოთო, ლორნა კი არ დაეთანხმა. გარდა ამისა, მას ყურადღებიდან არ გამოეპარა ტონისა და სოფიას ზედმეტად გულთბილი ურთიერთობაც…

როგორც სტატიიდან ირკვევა, ტონის პაპა რუსეთიდან 60 წლის წინ დიდ ბრიტანეთში გაქცეულა და თავშესაფარი უთხოვია. გარდა ამისა, ლორნა ტონის ოფიციალური ცოლი არ ყოფილა, თუმცა მისი გვარი აქვს აღებული და ათი წელია, ერთად ცხოვრობენ.

„სოფიას მოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლორნამ ეჭვიანობა დაიწყო და თავის გადაწყვეტილებას ნანობდა. ხშირად გვეკითხებოდა, ერთად რატომ დავდიოდით და გვითვალთვალებდა კიდეც. სულ ბოლოს კი მან ყვირილი დაუწყო სოფიას და ლანძღავდა. სოფიამ თქვა, რომ ასეთ ოჯახში ცხოვრება აღარ შეეძლო. მეც მასთან ერთად წასვლა გადავწყვიტე. ავიღეთ ჩვენი ნივთები და ჩემს მშობლებთან წავედით“, – ამბობს ტონი.

სანის“ კორესპონდენტები ესაუბრნენ ლორნას მეგობარ ქალს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. მისი თქმით, „ლორნა განადგურებულია.. იგი ათი წელი ბედნიერი იყო, მაგრამ მისი ბედნიერება 10 დღეში დასრულდა“.