რამ განაპირობა რუსული ჯარების ბოლოდროინდელი წარმატება უკრაინაში? – BBC-ის ანალიზი

როდესაც რუსულმა მხარემ ომის პირველ ეტაპზე მთელი რიგი წარუმატებლობებისა განიცადა, რუსეთის გენერალურმა შტაბმა თავი დაანება  დიდი ქალაქებისა და უზარმაზარი ტერიტორიების სწრაფი აღების “ნაპოლეონისეულ” გეგმებს და ყურადღება გაამახვილა უფრო პრაგმატულ მიზნებზე. მთავარ სამიზნედ არჩეულ იქნა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მთელი ტერიტორიის დაკავება.

სურათზე: სვეტლოდარსკის ადმინისტრაციის თავზე უკრაინულის ნაცვლად, რუსული დროშა აღიმართა.

 

მართალია, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლაც მყისიერად არ მომხდარა – თავიდან გეგმა იყო დონბასში მთელი უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოქცევა, შემდეგ ნახევარი ალყა, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ზღუდეების გარღვევის უნაყოფო მცდელობების შემდეგ, ამოცანები კიდევ უფრო შემცირდა.

მაგრამ სწორედ ამ სტრატეგიამ – სისტემურმა შეტევამ ფრონტის შედარებით მცირე სექტორზე – მისცა რუსულ არმიას შესაძლებლობა განეხორციელებინა თავისი უპირატესობა ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობაში. რიცხობრივი უპირატესობის გამო, რუსულ დანაყოფებს შეუძლიათ მოწინააღმდეგეს მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ შეუტიონ, რაც ართულებს უკრაინული ძალების და აღჭურვილობის ერთი სექტორიდან მეორეზე გადატანას და კონტრშეტევაზე გადასვლას.

ფართო ფრონტით წინსვლამ და არა ჯავშანტექნიკით სოლისებურმა შეჭრამ, როგორც ეს იყო ომის დასაწყისში, საშუალება მისცა რუსებს, საიმედო კონტროლი დაემყარებინათ უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე, გაუადვილდათ მომარაგება და ზურგის დაცვა. თუკი რუსეთის შემოჭრის პირველ თვეში უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებმა ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდნენ რუსების მომარაგების კოლონებს, რის შედეგადაც  ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფები,  საწვავის და საბრძოლო მასალის გარეშე რჩებოდნენ, ახლა ასეთი ტაქტიკა აღარ ამართლებს.

ნელ-ნელა და მძიმე ბრძოლებით, უკრაინის თავდაცვაზე კბილების ჩარჭობით, რუსული ჯარები ახერხებენ მეზობელ რაიონებში მცირე „ქვაბების“ საფრთხის შექმნას, რაც აიძულებს უკრაინის არმიას ჯარების უკან დახევას კარგად გამაგრებული პოზიციებიდან და ახალი თავდაცვითი პოზიციების დაკავებას.

გარკვეულ მომენტამდე, ეს მდგომარეობა გარკვეულწილად აწყობდა უკრაინის სარდლობას – შეტევაზე მომავალი ჯარები ჯიუტ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ და მძიმე დანაკარგებსაც განიცდიდნენ, რუსებისთვის დათმობილი ტერიტორია სიდიდით უმნიშვნელო იყო და რეალურად არ ცვლიდა ვითარებას ბრძოლის ველზე, უკრაინელებს დრო რჩებოდათ ხელახალი შეიარაღებისთვის, ჯარების და რეზერვების თავმოყრისთვის.

მაგრამ ახლა უკრაინის ჯარების პოზიცია ქვეყნის აღმოსავლეთში რთული ჩანს. რუსული არმიის წინსვლასთან ერთად, სევეროდონეცკის შვერილი დაუცველი ხდება; იქ კი კონცენტრირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალიან ბრძოლისუნარიანი ჯარები, რომელთა დაკარგვას უკრაინა ვერ გარისკავს. უკრაინის არმიისთვის საგანგაშო ვითარება იქმნება როგორც ლიმანის რაიონში, სევეროდონეცკის დასავლეთით, ისე სამხრეთ ფლანგზე სვეტლოდარსკის მახლობლად – აქედანაც არსებობს ალყაში მოქცევის საფრთხე.

აშკარაა, რომ უკრაინის გენერალური შტაბი უახლოეს მომავალში მიიღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც სევეროდონეცკის მიმართულებით საომარი მოქმედებების რუკა მნიშვნელოვან ცვლილებებს დაექვემდებარება.

 

სტატია სრულად იხ.: bbc