„სიყვარული მინდოდა და ბილწკაცობა დამაბრალეს”-  რამ გაანაწყენა ბრწყინვალე “ყვავი” “ჩხიკვთა ქორწილიდან”- გოჩა ლორია

„სიხარული მინდოდა და უბერავსო დამაბრალეს, ძმაკაცებში ვქეიფობდი ლოთიაო დამაბრალეს, ერთადერთი სიმღერის დროს ვერაფერი დამაბრალეს. სიმღერა რომ ვერ წამართვეს, ტუჩზე ხელი დამაფარეს“… მე ხომ ხალხის სიყვარული ხალხის სითბო დამატარებს“ – ეს სიმღერა, ჩემ თავს დავუწერე… რატომ არსად არ აჩვენებენ ნეტავ? სიბერევ, მართლა მოგიწევს მოცდა…

 

 

 

ესტრადის ბრწყინვალე მომღერლის, განუმეორებელი ვოკალისტის, ლეგენდარულ ანსამბლების – „რერო”, „ვია 75”, „ივერია” სოლისტ გოჩა ლორიას ხსენებაზე, პირველი, რაც გაგახსენდებათ, მიუზიკლიდან „ჩხიკვთა ქორწილი“ შესრულებული „ყვავის“ არიაა.

როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, 72 წლის მომღერალი, დიდი ხანია, საყვარელ საქმიანობას დაემშვიდობა და გულნატკენია, რომ დღემდე, დამსახურებულ პენსიას, არ უხდიან.

 

15 იანვარს 72 წლის გავხდი. ამ ეტაპზე უსაქმოდ ვარ, რასაც დაემატა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა. ცოტა მშიშარა ვარ და ვცდილობ თავი დავიცვა და ეს პერიოდი, ძირითადად სახლში ვიყავი. მთელი მსოფლიო ამ დღეშია და მათ შორის, მეც. რამდენიმე ხნის წინ, ასოციაცია „გერას“ წევრი გავხდი. ჯერჯერობით კლუბები და რესტორნები დაკეტილია, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. საზღვარგარეთ წასვლას აღარ ვაპირებ. დავბერდი უკვე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხმა და დიაფრაგმა ისევ თავის ადგილზეა, მაინც მეზარება

 

 

– რა ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა?

 

სკოლის პერიოდიდან ვმღერი. სასკოლო ფესტივალებში, მუდამ ჩართული ვიყავი და სულ პირველ ადგოლს ვიკავებდი, კარგი მონაცემები მქონდა. გამიჩნდა სურვილი, რომ ბარდი (bard) გავმხდარიყავი. 15 წლის ასაკში, გიტარაზე უკვე ტომ ჯონსის, ჯანი მორანდის, ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს ვუკრავდი. დავამთავრე ქ. თბილისის მე-2 მუსიკალური სასწავლებელი, ვოკალის განხრით. ზაფხულში დასვენების პერიოდში ვმღეროდი ფილარმონიაში, გორკის კლუბში, პლეხანოვის კლუბში და სხვა ადგილებში. „მეტროპოლიტენს“ იმ პერიოდში, ორკესტრი ჰყავდა, სადაც მამა უკრავდა.

 

– მამაც მუსიკოსი იყო?

 

მამაჩემი ისეთი მუსიკოსი იყო, მასთან ერთად მე ვერ ვმღეროდი. ისეთი გურული პირველი ხმა და ჰარმონია ჰქონდა, მე ვერ ვყვებოდი. დედაც კარგად მღეროდა და ამიტომ გუნდში ერთად მღეროდნენ. დედაჩემი სიხარულიძის ქალი იყო. ბაბუა – ირაკლი სიხარულიძე, გურიაში პირველი კრიმანჭული იყო და დედაც თავისთავდ მღეროდა. მეც მათგან გადმომედო ალბათ.

 

– გურულ სიმღერები ურთულესია და ყველა ვერ მღერის…

 

გურული სიმღარა, ამერიკელებმა ვერ შეასრულეს, „ხასანბეგურა“ ნოტებზეც ვერ გადაიტანეს. ერთ დღეს სხვანაირად მღეროდნენ, მეორე დღეს სხვანაირად, მესამე ხმა, სადღაც იყო, გაგიჟდნენ. სულ მინდოდა მამაჩემის დონეზე მემღერა, მაგრამ ვერ შევძელი. დედაჩემს, კიდევ უფრო ძლიერი ხმა ჰქონდა. გურული მრავალხმიანობა, ყოველთვის რთული შესასრულებელია.

 

– რას გვეტყოდით პირად ცხოვრებაზე?

 

მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. პირველი შვილი, პირველ მეუღლესგან მყავს, რომლისგან შვილიშვილიც მყავს და შვილთაშვილიც. მეორე ქალიშვილი თამუნა, საკმაოდ ძლიერი დიზაინერია, ათეულში თუ არა, საუკეთესო ოცეულში შედის. რატომღაც მუსიკას არ გავაყოლე. ვიფიქრე ჩემსავით უსაქმოდ არ დარჩენილიყო. მუსიკალური შვიდწლედი მაინც დავამთარებინე.

 

 

– თქვენი ყველაზე წარმატებული წლები…

 

19 წლის ასაკში, როცა სამხედრო სამსახურმა მომიწია, ტალინში გამიშვეს, მუსიკალურმა სასწავლებელმა არ გამათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ სამედიცინო შემოწმება, კარგად ვერ ჩამიტარეს- მესამე ხარისხის ბრტყელტერფიანობა აღმომაჩნდა და ჯარიდან მალე გამათავისუფლეს. ტალინიდან მოსკოვში, მატარებლით წამოვედი, სადაც ჩემთან ერთად ერთ-ერთი მუსიკალური საესტრადო ჯგუფი მგავრობდა. შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და კიდეც ავმღერდით. მე ტომ ჯონსის სიმღერა „დილაილა” დავუკარი და ვიმღერე. ისე მოეწონათ, ხელმძღვანელს დაუძახეს და მოასმენინეს. მატარებელშივე დამიდეს ხელშეკრულება. ასე გავხდი, ქ. დონის როსტოვის სასტრადო ჯგუფის სოლისტი.

 

 

– და საქართველოში აღარ დაბრუნდით?

 

თბილისში ჩამოსული, უკრაინაში მალე დავბრუნდი და იქ გავაგრძელე მოღვაწეობა. ისე მოვწონდი ყველას, „ქართველ ტომ ჯონსს“ მეძახდნენ. უმაღლესშიც ჩავაბარე და იქვე სასწავლებელის გუნდშიც დავიწყე სიმღერა. რამდენიმე ხანში, ერთ-ერთი ქართული რესტორნის სოლისტი გავხდი, სადაც 4 წელი ვიმუშავე.

 

– როგორ მოგვდით ანსამბლ „რეროში“?

 

ერთ-ერთ კონცერტზე, საქართველოდან ჩამოსული ანსამბლი „რერო“ დავპატიჟე. მთელი გუნდი ჩემი სიმღერით აღფრთოვანდა, კონსტანტინე პევზნერმა მითხრა, აქ რას აკეთებ, ჩაალაგე და საქართველოში წამოდი, „რეროს“ სოლისტი იქნებიო. ასე მოვხვდი ამ უდიდეს ანსამბლში, საიდანაც დაიწყო ჩემი პირველი მოღვაწეობა საქართველოში. ჯგუფში იყვნენ ლეგენდარული მომღერლები ბუბა კიკაბიძე, მედიკო კალანდაძე, ჯული ჯუღელი, გენო ნადირაშვილი და სხვები. იმ პერიოდში, „ორერა სრული სვლით“, უკვე გადაღებული იყო და ამიტომ ფილმში ვერ მოვხვდი. მე და ბუბა, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და მისგან ძალინ ბევრი ვისწავლე. დიდი სკოლა გავიარე, გარდა სიმღერისა, ერთად ვთევზაობდით კიდეც.

 

 თევზაობა თქვენი ჰობია?

 

სხვათა შორის, ბუბამ შემაყვარა. ასაკში გავარკვიე, რომ თევზაობა და ნადირობა კაცებს სიცოცხლის ხანგრძლივობაში უწყობს ხელს, ისევე როგორც ქალებს – ქსოვა. ამიტომ დღემდე თევზაობით ვირთობ თავს.

 

 

 

 როგორ მოხვდით „ვია 75“ -ში?

 

ახალი დაშლილი იყო „რერო“, როცა რობერტ ბარძიმაშვილმა ახალი ანსამბლის შექმნა დაიწყო. სიმღერის გარეშე, ცხოვრება არ შემეძლო, ამიტომ ერთ-ერთ რესტორნში დავიწყე მუშაობა. ერთ საღამოს რესტორანს რომა რცხილაძე, ცხონებული უჩა კორძაია, აჩიკო სიმონიშვილი და რობერტ ბარძიმაშვილი სტუმრობდა. როცა ჩემი რეპერტუარი შევასრულე, ბარძიმაშვილმა დამიძახა და მითხრა, გოჩა, შენ უკვე „75“-ის სოლისტი ხარო.

 

– და რა მიზეზით დატოვეთ ანსამბლი?

 

სამწუხაროდ, მე და რობერტს მოგვივიდა უკმაყოფილება და ამის გამო დავტოვე. ჩემმა მეგობრებმა ანსამბლ „ივერიაში“ გადასვლა შემომთავაზეს და 1977 წლიდან, გავხდი ვია „ივერიას“ სოლისტი. სწორედ, ამ პერიოდში დაიდგა მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, სადაც ყვავის არიას ვასრულებდი. ამის გამო, დღემდე ყვავს მეძახიან, დავიტანჯე (იცინის). რუსეთშიც კი რას აღარ მეძახიან -„შავი ყვავი“, „ყველაზე საუკეთესო ყვავი“… სხვათა შორის, დღემდე ბევრ რუს მომღერალთან, კარგი ურთიერთობა მაქვს. მაგალითად ალა პუგაჩოვა, ხშირად მეხმიანება, ამას წინათ დაბადების დღეც კი მომილოცა.

 

 

დიდი ხნის წინ, მოსკოვში, ერთ-ერთი გასტროლის დროს, ალამ, დარჩენაც კი შემომთავაზა. იმ პერიოდში, მე და დათო აბულაძე, საკუთარი ავტომობილით, ხშირად დავდიოდით მოსკოვში.

 

– ყველა ანსამბლში, ყოველგვარი სინჯების გარეშე მოხვდით…

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამხდარი ვიყავი, ხმის ტემბრი, ყოველთვის ძლიერი მქონდა. მახსოვს, ერთელ მოსკოვში, მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილის“ დასრულების შემდეგ, ვალერი ლეონტიევი სცენაზე ამოვიდა, წელზე ხელები შემომიჭირა და მკითხა – ასეთ გამხდარს, საიდან ასეთი ხმაო? მე ვუთხარი, ხშირად ვყვინთავ წყალში, თუ ზღვაზე ვარ, სულ წყალში ვარ, მაგრამ სახლში, აბაზანაში ვასხამ წყალს და იქ ვყვინთავ, რის გამოც დიაფრაგმა მაქვს გადიდებული მეთქი. სხვათა შორის, 2 წუთი ვძლებდი წყალქვეშ. ბევრი ანსამბლი არსებობდა იმ პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ „ვია 75“ -მა „ახალი სიტყვა“ თქვა. ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ, ჯაზ-როკის სტილი. სიმღერები „თბილისი“ და „ჩინგური“ – მე დავწერე.

 

– ბევრი სიმღარა გაქვთ დაწერილი?

რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი. ერთ-ერთი „მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები“, ჩემთვის დავწერე, მაგრამ ნუგზარ კვაშალმა მთხოვა, ვიმღერებო. არადა, ერთ გოგოზე ვიყავი შეყვარებული და ჩემთვის დავწერე, მაგრამ ვინ მამღერა? (იცინის). ტექსტი ჩემია, მუსიკა – რომა რცხილაძეს ეკუთვნის. „ჩურჩულები“ – ტექსტიც და სიმღერაც ჩემია, ასევე „თბილისელი გოგონები“, „ღიმილი არ მეყოფა“, „სიბერე“, უამრავი საბავშვო სიმღერების და ჰიმნების ავტორი ვარ.

 

– თქვენი ბოლო შემოქმედება…

 

ჩემი ბოლო ნამუშევარი, კლიპი – „სიბერე“ რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩავწერე, რატომღაც არ მიიღო საზოგადოებამ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს რამე ვეხვეწო. სიმღერა დამიბლოკეს და ვერ ვხვდები რატომ. „მე ხომ ხალხის ხიყვარული, ხალხის სითბო დამატარებს“…, რომ მოუსმინეს, გოჩა ლორია, საერთოდ გააქრეს.

 

– რამდენ ხანს გაგრძელდა ანსამბლ „ივერიაში“ თქვენი მოღვაწეობა?

 

მას შემდეგ, რაც მიუზიკლში „ჩხიკვთა ქორწილი“, ყვავის არი შევასრულე, არსად აღარ მამღერეს. როცა ბუთხუზმა „არგონავტები“ დადგა, არცერთი სოლო სიმღერა არ მომცეს. როცა „ფიროსმანის„ დადგმა დაიწყეს, სოლო, თემურმა შეასრულა. ვთხოვე, მომღერალი კაცი ვარ, ტყუილად ხომ არ ვიქნები, რამე სოლო მამღერე მეთქი. ამის შემდეგ დავტოვე ანსამბლი „ივერია“.

 

 

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს…

 

ახალ თაობას, ვეტყოდი, რომ ქართულ სიმღარას მიხედონ. მარტო მე მაქვს, უამრავი სიმღარა დაწერილი, „სიზმარ-სიზმარ“ ბრწყინვალე სიმღერაა. „თბილისელი გოგონები“, „შენ, შენ, შენ“, „ღიმილი არ მეყოფა“, ძალიან ბევრი კარგი სიმღერები მაქვს შექმნილი. საერთოდ არ ველოდი „ჩურჩულების“ ასეთ წარმატებას, მაგრამ ხალხმა აიტაცა, მე კი „თბილისელი გოგონების“ გაჰიტებას ველოდი. როგორც ჩანს, „ჩურჩულების“ ტექსტმა, უკეთ იმუშავა, ქორწილებში კარგი მოსასმენია.

 

– მორიდებული ადამიანი ბრძანდებით…

 

რა ვიცი, ალბათ. საკუთარი პენსიის ამბავიც კი ვერ მოვაგვარე, მერიდება, ვინმე რომ შევაწუხო და ამიტომ 220 ლარიან პენსიაზე ცხოვრობ. დამსახურებას რაც შეეხება, ვერ გავიგე ვისი გადასაწყვეტია. სამი ლეგენდარული ანსამბლი გამოვიცვალე, სადაც ყველგან სოლისტი ვიყავი, 40 წელი ხელოვნებას ვემსახურე. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მიუზიკლჰოლი „გლორია“, არ დამიმტკიცეს, ისეც დამიბლოკეს. არ მჭირდება დამსახურებული არტისტის წოდება, არ ვარ არტისტი, მე მუსიკოსი ვარ. ჩემი აზრით, მომღერალს უნდა ეწოდოს – დამსახურებული მომღერალი. ჯულიეტა ჯუღელმა ესპანეთიდან მომწერა, მე ვეტყვი ოქიტაშვილს და პენსიას დავანიშნინებო, რაზეც უარი ვთქვი.

 

როგორ უნდა ვინატრო, ისეთ ქვეყანაში გავჩენილიყავი, რომ ჩემი ხელოვნება დაფასებულიყო! უცხოეთში, სიმღერის ავტორი, წარმატებული, შეიძლება ერთი ჰიტით გახდეს, როგორც ჯექსონი. ჩემი სიმღერა – „ჩურჩულები“ არ არის ჰიტი? რატომ არ მიხდიან ჰონორალს. რატომ არ ამბობენ არსად, რომ ჩემი სიმღერაა, უამრავი კარგი სიმღერა მაქვს დაწერილი.

 

– ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

 

ასაკში ვარ უკვე და მინდა, რომ როდესმე დამიფასდეს ჩემი მოღვაწეობა. არ მინდა, თუნდაც გავიფიქრო, სად დავიბადე მეთქი. რატომ უნდა ვინატრო, მოსკოვში, რატომ არ დავრჩი მეთქი.

 

ჩემთვის ვცხოვრობ, წყნარად, არავის ვაწუხებ, უბრალოდ გული მწყდება, რომ ჩემი ბოლო კლიპი დაბლოკეს. ამას წინათ, ბ-მა ჯემალ ბაღაშვილმაც კი მახსენა – ასეთი კარგი მომღერალი, ასეთი „მაგარი ყვავი“, ჩვენ არ გვყოლიაო. მიხარია, როცა ჩემ მეგობრებს ვახსენებდი.

 

გლდანში გადმოვედი საცხოვრებლად და ხშირად ვეღარ ვკონტაქტობ, ყველას ეზარება აქ გამოსვლა. ადრე პლეხანოვზე, კინოსტუდიის პირდაპირ ვცხოვრობდი და წარმოიდგინეთ, იმ დროს, რა საზოგადოება იკრიბებოდა.

 

ხომ წავიმღერე ტომ ჯონსის სიმღერა – ზუსტად იგივე ხმაზე ვარ, რაც ადრე ვიყავი. უბრალოდ ვიღაცის „ტაშის ქეიფზე“, არ წავალ და არ ვიმღერებ!

 

“პრაიმთაიმი”