როდესაც რთული სიტუაციაა, როდესაც საომარი მოქმედებაა მეზობელ ქვეყანაში, არ შეიძლება პარტიული ინტერესების გამო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა – ნონა გაფრინდაშვილი

მე არ მესმის პოლიტიკოსების, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ. როდესაც რთული სიტუაციაა, როდესაც საომარი მოქმედებაა მეზობელ ქვეყანაში, არ შეიძლება პარტიული ინტერესების გამო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა. ბევრი პოლიტიკოსი ვერ აცნობიერებს, რომ მას, როგორ პოლიტიკოსს, გაცილებით მეტი ევალება თავის მოქმედებებში, – ამის შესახებ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საქართველო იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ჩვენ ხომ ვიცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ ნაბიჯებს დგამენ – საქართველოზე ცუდს ამბობენ, იგონებენ რაღაცებს და მოკლედ, ხელს უშლიან იმ პროცესებს, რაც საქართველოს ინტერესებშია“, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეებზე.

„ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პატარა ქვეყანა ვართ და აქ მეორე ფრონტის გახსნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ დამღუპველი იქნება. რაც შეეხება დახმარებას, ყოველნაირი დახმარება კეთდება საქართველოს მხრიდან და ჩართულია სხვა ევროპის ქვეყნებთან ერთად მხარდაჭერის გამოხატვაში ყოველნაირი კუთხით, ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება თუ ა.შ.“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.