თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი მათგანი უკვე გაწერეს ბინაზე, ხოლო მეორეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მკურნალობას პალატაში განაგრძობს. ორივე მათგანს ჭრილობები კიდურების არეში ჰქონდა მიყენებული.
შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მოპედით მოძრავმა ორმა პირმა, ორი ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა. სავარაუდო დამნაშავეებმა, ორივე მამაკაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
“გადაუდებელ განყოფილებაში შემოყვანილი იქნა ორი მამაკაცი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჭრილობები. ერთს მრავლობითი ჭრილობები ორივე ქვემო კიდურის არეში, ბარძაყის და წვივის, მეორეს წვივის ზემო მესამედში. პირველ მამაკაცს გაეწია პირველადი დახმარება გადაუდებელ განყოფილებაში, შემდგომ აყვანილი იქნა სასწრაფო წესით საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩატარდა რევიზიები და ამ ჭრილობების დამუშავება, რის შემდეგაც გადმოყვანილი იქნა უკვე პალატაში. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მეორე მამაკაცს, რომელსაც მიმღებშივე გაეწია ჭრილობის დამუშავება, რევიზია. უბრალოდ ჭრილობის სიმძიმიდან გამომდინარე, სტაციონალური მკურნალობას არ საჭიროებდა და გაეწერა ბინაზე ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ,“ – ამბობს ექიმი.
რა გახდა მომხდარის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
გამოძიება ორი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებით და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით დაიწყო.
“