ტურიზმი იხსნება: რამდენი ქვეყნის საზღვარია ღია ტურისტებისთვის

სახელმწიფოების 20%–ზე მეტი  ტურისტულ მოგზაურობებზე შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის, თუმცა, 141 ქვეყნის  საზღვარი უცხოელი ტურისტებისთვის ჩაკეტილია.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik.  ტურიზმის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის, კომპანიისა და ნაციონალური ეკონომიკისთვის, განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO)  გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსული ინფექციის აფეთქების შესახებ გამოაცხადა. ამ პანდემიის ფონზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაწესდა მასშტაბური აკრძალვები – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გაჩერდა ტურიზმი. ახლა შეზღუდვების შერბილების პროცესი დაიწყო, თუმცა, ე.წ. „ლოკდაუნისგან“ ეკონომიკამ დიდი ზარალი მიიღო.

„მოგზაურობაზე დაწესებული გლობალური შეზღუდვების ბოლო მიმოხილვა აჩვენებს, რომ სულ უფრო ბევრი მიმართულება იწყებს  იმ შეზღუდვების შერბილებას, რომლებიც მათ COVID-19–ის პანდემიის საპასუხოდ შემოიღეს“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

WTO –ს მონაცემებით, 48 ქვეყანა (22%) გადაადგილებაზე შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებს. ერთი თვით ადრე, 18 მაისს, ასეთი მიმართულება იყო შვიდი (3%). კერძოდ, საზღვრების გახსნა დაიწყო ევროპის 37–მა ქვეყანამ, ამერიკის კონტინენტის ექვსმა ქვეყანამ, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში სამი მიმართულება და ორი სახელმწიფო აფრიკაში, აღნიშნავს ორგანიზაცია.

ამავე დროს, მსოფლიოს 141 ქვეყნის (65%) საზღვარი უცხოელი ტურისტებისთვის ჩაკეტილია.

„კრიზისი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და WTO გააგრძელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წევრ–სახელმწიფოებთან მუშაობას, რომ შემსუბუქდეს პანდემიის ზემოქმედება, რადგანაც როცა დრო მოვა, ტურიზმმა შეძლოს ხელი შეუწყოს  საპასუხისმგებლო და მდგრად აღდგენას“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

1 ივლისიდან საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას გეგმავს. თუმცა, ევროპის მრავალ ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სახელმწიფოებზე მიდის საუბარი. ქვეყნის მთავრობა ტურიზმის გახსნას სიფრთხილით უდგება, რადგანაც მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია და გადაწყვეტილების მიღება მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით მოხდება.

“სპუტნიკ-ჯორჯია”