ილია დარჩიაშვილი – ნებისმიერი დამატებითი მექანიზმი, რომელიც საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს დაეხმარება ევროინტეგრაციის დაჩქარებაში, იქნება მისასალმებელი და აუცილებლად განვიხილავთ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა, რამდენადაც ვიცით, არ იქნება ინტეგრაციის იმ გზის ალტერნატივა, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოსთვის და ასოცირებული ქვეყნებისთვის – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განუცხადა.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონის ინიციატივის დეტალები სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
– “ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივის შესახებ. დეტალები ალბათ ცოტა მოგვიანებით იქნება ჩვენთვის ცნობილი, თუმცა, რამდენადაც ვიცით, ეს არ იქნება ინტეგრაციის იმ გზის ალტერნატივა, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოსთვის და ასოცირებული ქვეყნებისთვის. შესაბამისად, რადგანაც ეს არ იქნება ალტერნატივა, ჩვენ დავრჩებით იმ მთავარ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის, თუმცა ნებისმიერი სხვა დამატებითი მექანიზმი, რომელიც საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს მიეხმარება ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებაში, ჩვენი გადმოსახედიდან იქნება მისასალმებელი და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ემანუელ მაკრონი 9 მაისს ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან.
წყარო: newposts.ge