ილია ელოშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი 1-ელ ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

„ილიამ იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. საბედისწერო ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეგობრებთან. გეგმავდა მომდევნო დღეების გატარებას, იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი. როგორც ვიცი, უძილობა აწუხებდა და როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო. ეს არის უბედური შემთხვევა, ძალიან კარგად ვიცნობდი მას, მორწმუნე ვაჟკაცი იყო. სუიციდი ძალიან შორს იყო მისგან“, – აცხადებს ელოშვილის ბავშვობის მეგობარი ლაშა ქევანიშვილი.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი გიორგი წიკლაური ამბობს, რომ ილია წინა დღით სამსახურში იმყოფებოდა, არაერთი შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც სრულად დაგეგმილი ჰქონდა.

„დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი“, – აცხადებს გიორგი წიკლაური.

„გამორიცხულია სუიციდი, აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია. ამ დღეებში ყაზბეგში ასვლას ვაპირებდით, რადგან ხევში ვაშენებდით ეკლესიას. პროექტი მზად იყო და ვიწყებდით მშენებლობას. ამ ეკლესიას ილიას სახელზე მაინც ავაშენებთ“, – აცხადებს ელოშვილის კიდევ ერთი მეგობარი, მალხაზ დათუკიშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი 1-ელ ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

წყარო: pia.ge