თეირანის კონფერენციიდან 76 წელია გასული. მსოფლიო ისტორიას დღემდე ახსოვს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ იხსნა სტალინმა განადგურებისგან თავისი კოლეგები – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, რომლებიც ჰიტლერის ბრძანებით სტალინთან ერთად უნდა გაენადგურებინათ გერმანელ ფაშისტთა დივერსანტებს.
ისტორიის დოქტორი, გენერალ-მაიორი ლეონტი ტოჩინოვი წერს: „თეირანის ცნობილი კონფერენცია 1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა ირანის დედაქალაქში და ფაქტობრივად, გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის ბედისთვის.
„დიდი სამეულის“ ლიდერებმა თეირანში ფუნდამენტური სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც შემდგომში წარმატებით განხორციელდა და ჰიტლერი განადგურდა. მნიშვნელოვნად მიიჩნევდა დაანონსებულ მომავალ კონფერენციას („დიდი სამეულის“ შეხვედრის თარიღი, დაახლოებით, ცნობილი იყო, ადგილი კი – არა) თავად ადოლფ ჰიტლერიც და მან თავის პირად დივერსანტს, ოტო სკორცენს „დიდი სამეულის“ ლიდერების – სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის გატაცება ან განადგურება დაავალა.
„სახენაიარევი კაცი“ (სკორცენის მეტსახელი) ჩვეული პროფესიონალიზმითა და ზესაიდუმლოებით შეუდგა ამ ოპერაციის მომზადებას, რომელსაც „გრძელი ნახტომი“ უწოდა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „დიდი სამეულის“ მომავალი კონფერენციისთვის განიხილებოდა სამი გეოგრაფიული წერტილი – ეგვიპტის დედაქალაქი – კაირო, ერაყის დედაქალაქი – ბაღდადი და ირანის დედაქალაქი – თეირანი. ჩერჩილს კაირო სურდა, რუზველტს – ბაღდადი, სტალინი კი თეირანს ანიჭებდა უპირატესობას.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ირანში და კერძოდ, თეირანში ძალიან ძლიერი რეზიდენტურა გვყავდა და უსაფრთხოების მიზნით, ეს ქალაქი ყველაზე შესაფერისი იქნებოდა კონფერენციის ჩასატარებლად. ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო საკონფერენციო ქალაქი, ოტო სკორცენი უკვე ოპერაცია „გრძელ ნახტომს“ ამზადებდა, საგარეო დაზვერვა კი ამ საქმის კურსში იყო. ჩვენი უწყება კონტროპერაციას ამზადებდა (თუმცა, ჯერ ჩვენც არ ვიცოდით, რომ კონფერენცია თეირანში გაიმართებოდა). საბოლოოდ სტალინის სურვილმა გაიმარჯვა, თეირანზე შეთანხმდნენ და ჩვენც მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიერეთ“.
თეირანის კონფერენციაზე „დიდი სამეულის“ ლიდერების სიცოცხლის დასაცავად საბჭოთა დაზვერვამ ფეხზე დააყენა მთელი იქაური აგენტურა. ირანის დედაქალაქში გადაისროლეს დაზვერვის სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, გერმანელ ფაშისტ დივერსანტებს შეიარაღებულ ბრძოლას გაუმართავდნენ.
გაძლიერდა ანალიტიკური მუშაობა და სპეციალურად მომზადებული საბჭოთა მზვერავები ფაშისტების როლში ჩააყენეს. შემოწმების მიზნით, სწორედ ისინი ცდილობდნენ იმ ადგილებში შეღწევას, სადაც „დიდი სამეულის“ ლიდერები უნდა შეკრებილიყვნენ. წინასწარ იყო ცნობილი, რომ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი საკუთარ რეზიდენციებს თავიანთი ქვეყნების საელჩოებში მოიწყობდნენ და სწორედ ეს ადგილები იყო დასაცავი. საბჭოთა და ბრიტანეთის საელჩოები ქალაქის ცენტრში, ერთმანეთის პირისპირ მდებარე შენობებში იყო განლაგებული. შეერთებული შტატების კი – ქალაქის განაპირას, საეჭვო უბანში.
პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიას დავალებით, თეირანში ანტიდივერსიულ ღონისძიებებს პირადად მე ვხელმძღვანელობდი და ჩვენს ქმედებებზე უშუალოდ სტალინს მოვახსენებდი ხოლმე. კონფერენციის დაწყებამდე ხუთჯერ მომიწია მოსკოვიდან თეირანში ჩასვლა, რომ ყველაფერი პირადად შემემოწმებინა. ჩემმა დივერსანტებმა ორჯერ შეაღწიეს ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე, ისე, რომ მათი დაცვის სისტემას არაფერი გაუგია.
შეერთებული შტატების საელჩო კი აბსოლუტურად დაუცველი და რომ იტყვიან, „პრახადნოი დვორი“ იყო. რა თქმა უნდა, „დიდი სამეულის“ ლიდერების ჩამოსვლისას ზემოხსენებულ საელჩოებში უსაფრთხოება გაძლიერდა, მაგრამ იქ ყოფნა მაინც ძალიან სახიფათო იყო. საბჭოთა საელჩოში კი შეუმჩნევლად ჭიანჭველაც ვერ შედიოდა… როდესაც ჩემი მეხუთე ვიზიტის შემდეგ თეირანიდან მოსკოვში დავბრუნდი, (25 ნოემბერს, კონფერენციის დაწყებამდე სამი დღით ადრე) სტალინს კაბინეტში ვეახელი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
– ესე იგი, ამერიკის საელჩო „პრახადნოი დვორია“, ხოლო ბრიტანეთის საელჩოში კი თქვენებმა ორჯერ შეაღწიეს, გამოვიდნენ და ეს ვერავინ გაიგო, ხომ ასეა? – ღიმილით თქვა სტალინმა, თავი გააქნია და დაამატა: გამოდის, რომ თუკი უარს არ მეტყვიან, რუზველტი და ჩერჩილი ჩვენთან უნდა შევიფაროთ.
– დიახ. კარგი იქნებოდა, ამხანაგო სტალინ, – ვუპასუხე სტალინს, მან კი თქვა:
– ვფიქრობ, რუზველტი ამაზე დამთანხმდება, ხოლო ჩერჩილი კი უარს მეტყვის.
სტალინის სიტყვები გამართლდა და რუზველტი ოთხი დღე საბჭოთა საელჩოში ცხოვრობდა, ხოლო ჩერჩილი კი – ბრიტანეთის საელჩოში, გაძლიერებული დაცვით, თუმცა, მას ფარულად ჩვენც ვიცავდით და ერთ დივერსანტს „ჩავავლეთ“ კიდეც, რომელიც „მი 6-ს“ ჩავაბარეთ.“
კონფერენციის მსვლელობისას, 30 ნოემბერს პრემიერ ჩერჩილს 69 წელი შეუსრულდა და საღამოსთვის სტალინი და რუზველტი, მათ თანმხლებ პირებთან ერთად, ბრიტანეთის საელჩოში დაპატიჟეს. ერთ-ერთი გეგმით (სულ 4 ასეთი გეგმა იყო) სწორედ იმ დღეს აპირებდნენ ფაშისტები „დიდი სამეულის“ ლიდერების ლიკვიდაციას, მაგრამ დივერსანტი ფრანც მაიერი საბჭოთა მზვერავებმა მიწისქვეშა გვირაბში შეიპყრეს და ჯერ თავად დაამუშავეს, მერე კი ბრიტანეთის დაზვერვას „მი 6-ს“ გადასცეს.
პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ოტო სკორცენის მიერ მომზადებული „გრძელი ნახტომის“ საპირისპირო ოპერაციის დროს გერმანელ ფაშისტთა 20-მდე აგენტი დავაპატიმრეთ და უმეტესობა საბჭოეთში ჩამოვიყვანეთ, ნაწილი ბრიტანეთს გადავეცით. კიდევ 25 აგენტი კი გადავიბირეთ და ჩვენზე ვამუშავებდით. როდესაც სტალინს ეს სტატისტიკა მივაწოდეთ, გვითხრა: საბჭოთა დაზვერვამ ყოჩაღად იმუშავა და შეიძლება, ითქვას, რომ მსოფლიო კატასტროფისგან იხსნა“.
კატასტროფაში „დიდი სამეულის“ ლიდერების ლიკვიდაციას გულისხმობდა და რომ არა საბჭოთა ბელადი და მისი დაზვერვა, რუზველტსა და ჩერჩილს ჯერ კიდევ თეირანში მოკლავდნენ“.
ავტორი: თამილა გურაშვილი
წყარო: intermedia.ge