როგორ გადააბარა მთავრობამ ქართულ სოფელზე “ზრუნვა” აზერბაიჯანულ “სოკარს”

გასულ თვეში საქართველოს მთავრობამ დიდი ზარზეიმით მოხადინა ე.წ. «ანტიკრიზისული გეგმის – ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე» წარდგენა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს აგროდიზელით ხელშეწყობას. «გაბედნიერებულ» გლეხებს შორის აღმოვჩნდი მეც, რომელსაც მერგო 60 ლ. დიზელის ტალონი, რომლის მიღებაც (განაღდებაც) შემიძლია თურმე მხოლოდ კომპანია სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე.
აღნიშნულმა, უკვე ამ ეტაპზე გამოიწვია ჩემი უკმაყოფილება. რატომ უნდა ახორციელებდეს ასეთი მნიშვნელობის სახელმწიფო პროგრამას აზერბაიჯანული კომპანია იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყანასთან დღეისათვის გვაქვს ტერიტორიებთან დაკავშირებული უთანხმოება (რბილად რომ ვთქვათ)?
თუმცა, ჩემი მთავარი უკმაყოფილება დაკავშირებულია გლეხების დახმარების სახელით ათვისებული (ჩაჯიბული) ბიუჯეტის თანხებთან. სქემა ასეთია:
საქართველოს მთავრობა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან გამომდინარე ადამიანს გამოუყოფს საწვავს, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია დაახლოებით 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინოს დიზელი „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან, ან ავტოგასამართი სადგურებიდან. პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული თუ რამდენს უხდის კომპანია სოკარს საქართველოს მთავრობა საწვავის თვითოეულ ლიტრზე. ვფიქრობ, უცხოტომელი ბიზნესმენები არ იზარალებენ და საქართველოს მთავრობა თვითოეულ ლიტრზე უხდის 1 ლარს (სწორედ ის თანხა, რაც გათვალისწინებულია საშეღავათო ღირებულებად).
გუშინ ვისარგებლე ჩემს სახელზე გაცემული ტალონებით. აღმოჩნდა, რომ დამატებით 1 ლიტრზე ადგილზე უნდა გადაიხადოს კაცმა 1,16 ლარი (როგორც დღეს სატელეფონო საუბარში სოკარის თანამშრომელმა მითხრა, მიმდინარე – ივნისის თვეში ადგილზე გადასახდელი ფასი კიდევ გაიზარდა და შეადგენს 1,23 ან 1,32 ლარს, გააჩნია სად ხდება ტალონის განაღდება).
ზემოხსენებული კალკულაციით გამოდის, რომ 1 ლიტრა საწვავი ჯდება დაახლოებით 2,16 ლარი, რაც დღეისათვის ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასია.
უდიდეს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თანხის გადახდის შემდეგ ავტოგასამართის თანამშრომლები სატრანსპორტო საშუალებაში გისხამენ ყველაზე დაბალი ღირებულების (გუშინდელი დღისათვის ეს იყო – 1,90 ლარი) საწვავს.
მიჩნდება კითხვა: თუ გლეხს ჯიბიდან აცლი 1.16 ლარს, ხოლო ბიუჯეტიდან ითვისებ დაახლოებით 1 ლარს (დასკვნა კეთდება საშეღავათო ღირებულებიდან გამომდინარე), რატომ მისხამ ყველაზე იაფფასიან და დაბალი ხარისხის საწვავს? რატომ არ მისხამ 2 ლარზე მეტის ღირებულების ე.წ. ევრო დიზელს?
ვფიქრობ, ბიუჯეტის თანხების ათვისებაში პირდაპირ არის ჩართული ივანიშვილი – ამაზე მეტყველებს ე.წ. პოზიციისა და ოპოზიციის (ჩემთვის იმთავითვე ერთნი იყვნენ ნაცებიცა და ქოცებიც) გაყუჩება.
ამაზეა ნათქვამი: Кому война, а кому – мать родная.