„წინა წლებში მათი საქმიანობა იყო უფრო ფრაგმენტული, დღეს სიტუაცია შეცვლილია,“ – ამბობს საქართველოში ულტრარადიკალური ჯგუფების მუშაობაზე უჩა ნანუაშვილი. ყოფილი სახალხო დამცველი დღეს „დემოკრატიის კვლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია გასული წლის გაზაფხულიდან ამ დრომდე აკვირდებოდა სოციალურ ჯგუფში 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის საქმიანობას, ასევე პრორუსული ონლაინგამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებს.
რა შეიცვალა ამ ჯგუფების მუშაობაში – „ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო უჩა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ასობით ყალბი გვერდი დაბლოკა? ამ გვერდების ნაწილი მუშაობდა რუსულ პროპაგანდაზე.
საქართველოში ძალიან ბევრი ულტრამემარჯვენე ჯგუფია. წინა წლებში მათი საქმიანობა უფრო ფრაგმენტული იყო, დღეს კი, სიტუაცია შეცვლილია – ისინი უფრო ორგანიზებული არიან და ღიად წარმოაჩენენ საკუთარ ძალას. ისინი ღიად ემუქრებიან მათთვის მიუღებელ ჯგუფებს. ეს ულტრარადიკალური ჯგუფები დღეს არ არიან ჰომოგენურები, მათ არ აერთიანებთ საერთო მიზანი, თუმცა ხშირად გვხდება ერთი და იგივე სტატიები, პოსტები, ან ერთი და იგივე შინაარსი მეორდება.
შესაძლოა გამოვყოთ ორი მიმდინარეობა: ერთია ღია პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ღიად გამოხატავენ ამას, მაგალითად, „მარში“, „ეროვნული ერთობა“… ისინი უფრო ძლიერები არიან და ბევრი მომხრე ჰყავთ, ხელი მიუწვდებათ ტრადიციულ მედიაზეც და ყველა ინსტრუმენტს იყენებენ. ასეთი ჯგუფების რაოდენობა გაზრდილია. ისინი წარმოადგენენ რუსულ „რბილ ძალას“ საქართველოში. მეორე კატეგორია უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფებია, რომლებიც ოფიციალურად გამორიცხავენ რუსეთთან რაიმე სახის კავშირს, ახასიათებთ ანტირუსული რიტორიკა, მაგრამ რეალურად იმეორებენ იმ შინაარსს, რაც აქვთ რუსულ ულტრამემარჯვენე ძალებს.
სამწუხაროა ის, რომ მსგავსი ჯგუფების არსებობა და გაძლიერება წახალისებულია საქართველოში. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ხელისუფლება ამ ჯგუფებს იყენებს ლიბერალური, ან განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფების დასაშინებლად, მათი დემონიზაციისთვის.
- რა ადასტურებს, რომ ხელისუფლება იყენებს, ან ახალისებს ამ ჯგუფებს?
მაგალითად, კლუბ „ბასიანის“ მოვლენების დროს, ან „თბილისი პრაიდის“ დროს არ დასჯილან რეალურად ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ძალადობრივი მოწოდებები. მათ წინააღმდეგ მხოლოდ მსუბუქი ხასიათის ჯარიმები გამოიყენეს მაშინ, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი შემთხვევა შეიცავდა დანაშაულის ნიშნებსაც, მაგალითად, ლევან ვასაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, თუმცა ის დაიკითხა მოწოდებიდან მესამე დღეს… გაცილებით უფრო ოპერატიულები არიან სამართალდამცველები, როცა საქმე ეხება სხვა ჯგუფებს, ანუ სამოქალაქო მოძრაობებს. იგივე „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააჯარიმეს 2, ან 3 ათასი ლარით, გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობებიც. აქედან ჩანს, რომ ხელისუფლება არ ეპყრობა თანაბრად ულტრარადიკალურ ჯგუფებს და სამოქალაქო ჯგუფებს, როცა მსგავსი სამართალდარღვევაა, ან მიახლოებით იგივეა.
ხელისუფლება უფრო მკაცრია სამოქალაქო მოძრაობების მიმართ. ულტრარადიკალური ჯგუფების შემთხვევაში, მცირე ოდენობებით სანქციები გამოიყენეს მხოლოდ მაშინ, როცა ფიზიკურად თავს დაესხნენ ვინმეს. იგივე იყო კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული საპროტესტო აქციების დროსაც… ძირითადად ეს ადამიანები არიან ამ ფეისბუქგვერდების უკან, რომლებიც ჩანან საპროტესტო აქციებზეც.
- რა შეიცვალა ამჯერად ამ ულტრარადიკალური ჯგუფების გზავნილებში?
უკვე კარგად ჩანს, რომ ხდება რეკრუიტირება [მობილიზება] მომხრეების. ჩვენ ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ ჯგუფების აქტიურ წევრებთანაც, რა იწვევდა მათ გააქტიურებას… შესაძლოა ითქვას, რომ ამ კონკრეტული ჯგუფების აქტიურობას შედეგი მოაქვს. ისინი ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებს იყენებენ იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გაავრცელონ. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები იყენებენ ჩვენს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, რაც გვაქვს რადიკალურ ჯგუფებთან, რადიკალიზაციასთან მიმართებით. სამწუხაროდ, დღეს ნოყიერი ნიადაგი არსებობს მსგავსი ჯგუფების აღზევებისთვის. ამ ყველაფერს ხელისუფლების შემწყნარებლური პოლიტიკა უწყობს ხელს.
- თქვენი დაკვირვებით, როგორ იყენებენ ისინი სოციალურ ქსელს, მოქმედებენ ცალ-ცალკე, თუ ერთობლივად?
დღეს არსებული მდგომარეობით ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც საპროტესტო აქციებსაც ატარებს, დაპირისპირებულია მცირე ჯგუფებთან, მათ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა და გარკვეული დაპირისპირება არსებობს. ადრე ამ ჯგუფებს ჰქონდათ ერთი მიზანი, მაგრამ დღეს ეს აღარაა ჰომოგენური. არსებობს ზოგიერთი ჯგუფი, რომელიც, მაგალითად, ნაციონალისტურ იდეებს ავრცელებს. არსებობს, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი ჯგუფი… სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფი აქტიურდება. ეს დამოკიდებულია ასევე მოვლენებზე, მაგალითად, მაისში აქტიურდება ჰომოფობიის თემა [17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა]. კონკრეტული მოვლენების შესაბამისად აქტიურდება ქსენოფობია, სხვა ერების სიძულვილი, ან დასავლეთის წინააღმდეგ გზავნილები. მიზოგენიაც ამ ჯგუფებისთვის საერთო მახასიათებელია, როცა ფემინისტური მოძრაობა აქტიურდება.
- რა ფორმით ავრცელებენ ეს ჯგუფები რუსულ პროპაგანდას?
ეს ჯგუფები უარყოფენ რუსეთთან რამე სახის კავშირს, ლიდერებმაც ეს უარყვეს ინტერვიუების დროს, თუმცა მათი დისკუსია არის ფაქტობრივად იდენტური რუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა. ეს ჯგუფები ხშირად საუბრობენ ანტიამერიკულ განწყობებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სკეპტიციზმზე, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე, რაც სწორედაც არის რუსული პროპაგანდის ნაწილი…. რუსული პროპაგანდის სამიზნე საქართველოში ისევ არის ლუგარის ლაბორატორია.
- ძირითადად ვინ არიან ამ ონლაინგამოცემების რესპონდენტები და თავდასხმის ობიექტები?
ძირითადად თავდასხმის ობიექტები არიან ლგბტქ თემი, ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, უცხოელები… შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუ რა უწყობს ხელს ამ განწყობების გაჩენას საზოგადოებას და ამას კარგად იყენებენ: მედიაწიგნიერების დაბალი დონე, სიღარიბე, სოციალური პრობლემები, სეკულარიზმის გაგება.
- რა გაირკვა ამ ჯგუფების დაფინანსების კუთხით?
კანონმდებლობაში არის კონკრეტული შეზღუდვები, რაც შეუძლებელს ხდის ამ კუთხით ფინანსების კვლევას, თუ არ იქნება შესაბამისი ნება. ჩვენ გვინდა, ღრმად შევიდეთ ამ საკითხში. ამ მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ ვაკვირდებოდით ონლაინმედიის მუშაობასაც და აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან. როგორც აღვნიშნე, ხშირად იდება იდენტური მასალები… პირდაპირ და ღიად რთულია საუბარი, საიდან ფინანსდებიან ისინი. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ეს ჯგუფები და ისინი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ახერხებენ მუშაობას. როცა ამ ლიდერების მხრიდან ძალადობის მოწოდებებზე არ ხდება რეაგირება, ან ეს რეაგირება დაგვიანებულია, ეს აჩენს ეჭვებს, ხომ არ არსებობს რაიმე სახის კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან, ან რუსეთთან.
- თქვენი დაკვირვებით, როგორია ამ ჯგუფების გავლენა? მაგალითად, რამდენად შეიძლება გაიზარდოს მსგავსი აქტივობებით პრორუსული პოლიტიკური ძალების რეიტინგი საქართველოში?
ეს ჯგუფები დღითიდღე აქტიურდებიან, რაც ხელს უწყობს მათ მოსვლას პოლიტიკურ სივრცეებშიც. შესაძლოა ითქვას, რომ გავლენები იზრდება და ეს ჩანს უკვე ყოველდღიურად… მხოლოდ ის, რომ ფეისბუკმა გარკვეული გვერდები დაბლოკა, არაა საკმარისი და ეს ჩანს აშკარად. საჭიროა, სხვა მეთოდების გამოყენება, მათ შორის, საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება. ბევრ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი აკრძალულია. საქართველოში სახელმწიფოს არ აქვს ეფექტური პოლიტიკა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
- სახელმწიფო ამბობს, რომ რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ ის ცდილობს სწორი ინფორმაციის გავრცელებას და მუშაობს სტრატეგიული კომუნიკაციის კომიტეტი. თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება?
ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია არ არსებობს. უნდა არსებობდეს კონკრეტული ადამიანები ყველა სახელმწიფო უწყებაში და მათ შორის კოორდინაცია უნდა არსებობდეს. ასეთი კოორდინაცია დღეს არ არის. ხელისუფლება ამბობს, რომ შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგია, რაც ერთი წლის წინ მიიღეს, მაგრამ რადიკალიზაცია კიდევ სხვა საფრთხეა, რასაც ხელისუფლება საერთოდ არ პასუხობს, ან პასუხობს დაგვიანებით.
“ნეტგაზეთი”