დანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგებიან უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

დანია და ნიდერლანდები ეწინააღმდეგებიან უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გერმანია კი სთავაზობს ქვეყანას გარკვეული პირობითი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, წერს Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით.

„ინფორმირებული წყაროების მიხედვით, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მათ შორის ნიდერლანდები, კვლავ ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, ხოლო უმრავლესობა, მათ შორის იტალია, მომხრეა“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ბლუმბერგი” აღნიშნავს, რომ წინააღმდეგია დანიაც. კოპენჰაგენის დიპლომატიურ ნოტაში, რომელიც სააგენტომ წაიკითხა, ნათქვამია, რომ უკრაინა „ადეკვატურად არ აკმაყოფილებს ინსტიტუტების სტაბილურობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კიევს დასჭირდება “ძირეულად გააუმჯობესოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა”, რათა მიაღწიოს პროგრესს ყველა ამ სფეროში.

ოფიციალური კოპენჰაგენის აზრით, უკრაინა ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ სტადიაზე იმყოფება იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები იკისროს.

თავის მხრივ, გერმანია სთავაზობს უკრაინას კანდიდატის პირობითი სტატუსის მინიჭების ვარიანტს, -წერს სააგენტო.

სხვა წყაროებმა თქვეს, რომ ევროკომისია მომავალ კვირას რეკომენდაციებს გააკეთებს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ევროკომისიის საბოლოო აზრი, თუნდაც ის დადებითი იყოს, საჭიროებს წევრი-ქვეყნების თანხმობას, სანამ უკრაინას ოფიციალურად მიენიჭება ეს სტატუსი. ბლოკის ლიდერები აპირებენ ამ საკითხის განხილვას ბრიუსელში 23-24 ივნისს”, – აღნიშნავს Bloomberg.

დაზუსტებულია, რომ ევროკომისიის დასკვნის სავარაუდო თარიღი 17 ივნისია.

მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ძირითადი ქვეყნებიდან მხოლოდ იტალია არის ცალსახად უკრაინის წევრობის მომხრე.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აპრილში კიევში ვიზიტის დროს ზელენსკის კითხვარი გადასცა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას. მოლაპარაკებები ხშირად შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. კანდიდატის სტატუსი არ არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანა ოდესმე შეუერთდება ევროკავშირს. ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საკმაოდ მკაცრ კრიტერიუმებს. უკრაინის შემთხვევაში, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ამ წლის დასაწყისში წამოაყენა წინადადება, რომ ისინი განიხილავდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას გარკვეული სწრაფი პროცედურის მიხედვით, რომელიც შესაძლოა, უკრაინას საშუალებას მისცემდა ევროკავშირში ძირითადი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე გაწევრიანებულიყო. თუმცა, საბოლოოდ ეს წინადადება არ მიიღეს.