თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მიერ რექტორის კაბინეტში შეჭრისა და დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა,” – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.