სტოლტენბერგმა კიევის მხრიდან რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიული დათმობები არ გამორიცხა

ფინეთში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“მშვიდობა უკრაინაში შესაძლებელია. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება მშვიდობის ფასი; რა მოცულობის ტერიტორიის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასათმობად ვიქნებით მზად, ამ მშვიდობის სანაცვლოდ”.

სამხედრო ალიანსის გენმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს არ სურს სამხედრო მოქმედებების ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ, თუმცა განაგრძობს უკრაინის დახმარებას, მოლაპარაკებების დაწყებამდე უფრო ძლიერი პოზიციების მოსაპოვებლად.

ამ განცხადების პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ გააფრთხილა სტოლტენბერგი, რომ ფინეთი ნატოში შესასვლელად მხოლოდ შვედეთთან ერთად არის მზად, შვედეთის გარეშე კი ფინეთის ნატოში წევრობა “გამორიცხულია”. შეგახსენებთ, რომ ფინეთისა და შვედეთის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთი აბრკოლებს.