ივნისის პირველ დეკადაში საქართველოს ერთ-ერთმა რადიომ “მარშალის გეგმა” გაიხსენა და ბევრი ილაპარაკა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯორჯ მარშალზე — გეგმის ავტორზე, რომელმაც მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ევროპის ქვეყნებს შვება მოუტანა.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, მძიმე დღეში ჩავარდნილმა ევროპამ, მარშალის გეგმით გამოყოფილი თანხები მიზანმიმართულად აითვისა და ომით მიყენებული ზარალი, გონიერი შრომით, გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს თუ სრულად არა, ნაწილობრივ აღმოფხრა.
მარშალის გეგმა სულაც არ იყო ქველმოქმედება, მას აშშ-ს მოგება უნდა მოეტანა — ეკონომიკურად წელგამართული ევროპიდან. მარშალის გეგმა გრძელვადიანი სესხი იყო — წარმატების მომტანი, როგორც აშშ-ს, ისე ევროპის ქვეყნებისთვის.
მარშალის გეგმის გახსენებასთან ერთად რადიომ ისიც გვითხრა, რომ მარშალის გეგმა საბჭოთა კავშირსაც შესთავაზეს, მაგრამ საბჭოეთის მეთაურმა სტალინმა უარი თქვა მასზე და ისიც დააყოლა, რომ შეშინდა იდეოლოგიური გავლენის გამო, რომელიც მოჰყვებოდა გეგმის განხორციელებასო.
ზოგმა ეს არგუმენტი შეიძლება სინამდვილედ ჩათვალოს, ვინაიდან მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ანტიჰიტლერული კოალიციის 3 მთავარ წევრ — სსრკ, აშშ, დიდ ბრიტანეთს შორის იდეოლოგიურმა სხვაობამ, კაპიტალიზმ-სოციალიზმს შორის დაპირისპირებამ თავი ისევ იჩინა — არა კრემლის თაოსნობით, არამედ ლონდონ-ვაშინგტონის.
ომის დროს იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეთა შორის მწვავე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მათ საერთო მტრის, გერმანული ფაშიზმის განადგურების ამოცანა აერთიანებდათ. ომის დროს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ტრუმენის განცხადება: „თუ დავინახავთ, რომ გერმანია იგემს ომს, სსრკ-ს დავეხმარებით; თუ სსრკ-ს უპირატესობა თვალსაჩინო იქნება — გერმანიას“. გვერდით იქნა გადადებული და ომის პირველივე დღეებიდან აშშ-ა „ლენდ-ლიზის“ კანონით დაიწყო საბჭოთა კავშირისთვის, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
„ლენდ-ლიზის“ კანონით გათვალისწინებული დახმარების ნაწილი — კვების პროდუქტების, ჰუმანიტარული ტვირთის სახით საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. რაც შეეხება სამხედრო და სხვა სახის ტვირთს — გადახდას ექვემდებარეობდა.
ომის დამთავრების შემდეგ, აშშ-მა მოსკოვს წარუდგინა ანგარიში, რომლის გადახდაზე კრემლმა უარი განაცხადა. შეიქმნა ორმხრივი კომისია, რომელმაც საფუძვლიანად განიხილა საკითხი და გადასახდელი თანხაც დაადგინა, თუმცა „ცივი ომის“ პერიოდმა, დაწყებულმა დაპირისპირებამ, მუშაობას, ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა არ მისცა. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისმა მემკვიდრე რუსეთმა, 2006 წელს გადაიხადა ვალი.
„ლენდ-ლიზმა“ თავი სულ ახლახანს შეგვახსენა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამჯერად, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენა კანონი, რომელიც უკრაინას გაუწევს როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინასაც, ისე, როგორც პირველ შემთხვევაში სსრკ-რუსეთს, მოუწევს ვალის გარკვეული ნაწილის გადახდა.
დავუბრუნდეთ მარშალის გეგმას და ვარაუდს, რომ სტალინმა აშშ-ს იდეოლოგიური ზეგავლენის შიშით უარი თქვა მარშალის გეგმაზე. რას ფიქრობდა სტალინი იდეოლოგიურ ზეგავლენაზე, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ მას, რომ ასე ეფიქრა, გასაკვირი არ არის. მარშალის გეგმამ არა მარტო ეკონომიკურად ააღორძინა ევროპა, არამედ იდეოლოგიურად გარდაქმნა და უხილავი თუ ხილული ძაფებით აშშ-ს მიაბა.
მაგრამ ეს არ იყო მთავარი სტალინის უარისა. მთავარი, სტალინური გეგმა იყო, რომელსაც დიდი უპირატესობა უნდა მოეტანა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისთვის ამერიკულ კაპიტალიზმთან ბრძოლაში.
ვიმეორებ — სსრკ-აშშ-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1946 წელს დამთავრდა, ფულტონში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის მიერ წარმოთქმული სიტყვით — „ცივი ომის“ დაწყებით, რომელიც 45 წელი გრძელდებოდა და 1991 წელს სსრკ-ს დაშლით დასრულდა.
მანამდე კი ტრუმენის გვერდზე გადადებული გამონათქვამის რეანიმაცია მოხდა, როდესაც 1945 წლის გაზაფხულზე ამერიკა—დიდმა ბრიტანეთმა, სსრკ-სგან მალულად დაიწყეს გერმანელ ფაშისტებთან საიდუმლო მოლაპარაკება — სახელწოდებით „კროსვორდი“, რამაც სტალინის სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია და რაც აისახა აშშ-ს პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში.
მოლაპარაკება შეწყდა, თუმცა ანტისაბჭოური განწყობა და ქმედება გაგრძელდა. 1945 წლის ივნისში შეიქმნა ჩერჩილის გეგმა, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო მეორე მსოფლიო ომის, მე-3 მსოფლიო ომში გადასვლა, ყოფილი მოკავშირეების საბჭოეთზე გალაშქრებით და ამ ომში დამარცხებული გერმანიის ჩართვით.
ჩერჩილის გეგმა შეუსრულებელი დარჩა საბჭოეთის სამხედრო ძლიერების გამო. მაშინ დასავლეთი ჩამოუვარდებოდა საბჭოეთს ეკონომიკის ომისშემდგომი აღდგენის ტემპში. რას ითვალისწინებდა დასავლური ეკონომიკური ომი?
სსრკ-სთვის გამალებული შეიარაღების თავსმოხვევას, სავაჭრო-საკრედიტო ბლოკადის მოწყობას, ეკონომიკის ძირის გამოსათხრელად სპეციალური დივერსიული ოპერაციების ჩატარებას, სხვა ქვეყნებთან სსრკ-ს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემების შექმნას.
აღნიშნულის საპირისპიროდ კრემლმა გადადგა ასეთი ნაბიჯი — 1949 წელს შექმნა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო ალბანეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიის, სსრკ-ს შემადგენლობით. დამკვირვებლის სტატუსი მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, ჩრდილოეთ კორეამ. 1950 წელს ორგანიზაციას შეუერთდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. მოგვიანებით მასში გაწევრდნენ მონღოლეთი, კუბა, ჩრდილოეთ ვიეტნამი. დამკვირვებელი გახდა ფინეთიც.
საბჭოთა კავშირის ინიციატივით, 70 წლის წინ, მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური თათბირი, რომლის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სტალინი. მიუხედავად ვაშინგტონის წინააღმდეგობისა, 1952 წლის 3-12 აპრილს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში 49 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას — 680 წარმომადგენლით.
თათბირში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, ნორვეგიის, კანადის, თურქეთის, გფრ-ს, იაპონიის, ბრაზილიის, ინდოეთის, ინდონეზიის, ავსტრალიის, ლიბერიის, საუდის არაბეთის, ბენილუქსის ქვეყნების მეწარმეები, ექსპერტები, სახელმწიფო მოხელეები.
თათბირის მუშაობის პერიოდში ხელი მოეწერა 60-ზე მეტ სავაჭრო, საინვესტიციო, სამეცნიერო-ტექნიკურ ხელშეკრულებას.
საბჭოთა კავშირმა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭომ წამოაყენეს აშშ-ს სავაჭრო-ეკონომიკური და საფინანსო დიქტატურის საპირისპირო წინადადება საქონლის, მომსახურების კაპიტალდაბანდების სოციალისტური და განვითარებადი ქვეყნების საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რომელსაც დოლარის გარეშე უნდა ემუშავა. ასე რომ, 70 წლის წინ მოსკოვმა მისცა იმპულსი არადოლარიზებული საერთო ბაზრის შექმნას. მას დასავლეთში სტალინის გეგმა ეწოდა.
საარქივო მასალებიდან გამომდინარე, რომელიც გამოქვეყნდა რუსულ მედიაში, სტალინს მსოფლიოში ახალი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბების გრანდიოზული გეგმა ჰქონდა. ამ გეგმაში აშშ-ი და მისი მოკავშირეები არ შედიოდნენ. სტალინური გეგმა იყო ტრანსკონტინენტალური „საერთო ბაზარი“, ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოსა და საბჭოთა კავშირის ლიდერობით.
მომდევნო ეკონომიკურ თათბირებს სტალინი გეგმავდა სხვა ქვეყნებში გაეროს არენის გამოყენებით, მაგალითად 1953 წლის 23 თებერვალ—4 მარტს მანილაში ჩატარდა გაეროს ეკონომიკური კომისიის კონფერენცია აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ეს კონფერენცია სსრკ-ს ინიციატივით გაიმართა. მას მხარი დაუჭირეს ჩინეთმა, მონღოლეთმა, ინდოეთმა, ირანმა, ინდონეზიამ, ბირმამ, ჩრდილოეთ ვიეტნამმა.
კონფერენციაში მონაწილეობდა 20 ქვეყანა. ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა მოსკოვის წინადადებას აზია-წყნარი ოკეანის აუზში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, ისე, როგორც იდეას — ქვეყნებს შორის ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტაში.
სტალინი დაწვრილებით გაეცნო მანილის კონფერენციის შედეგებს — 2-3 დღით ადრე სიკვდილამდე.
სტალინის გეგმის მიხედვით, 1953 წელს, მანილის მსგავსი კონფერენციები უნდა გამართულიყო თეირანში, ადის-აბებაში, ბუენოს-აირესში, ჰელსინკში, მაგრამ აღარ ჩატარდა — სტალინის გარდაცვალების გამო.
საბჭოთა ხელმძღვანელობა, გართული პირველობისთვის ბრძოლაში, აღარ აქცევდა ყურადღებას სტალინის გეგმას, რომელიც დროთა ვითარებაში მივიწყებას მიეცა.
მოსკოვის თათბირამდე სპეციალისტები გამოთქვამდენ მოსაზრებას, რომ დოლარის ალტერნატივა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის უნდა ყოფილიყო რუბლი, მითუმეტეს, როდესაც 1950 წელს საბჭოთა რუბლი ოქროს მიება. მანამდე, 1937 წლიდან საბჭოთა რუბლის კურსი განისაზღვრებოდა აშშ-ს დოლარით, მასზე ადრე კი ფრანგული ფრანკით. საბჭოთა მთავრობის დადგენილებით, ოქროსთან მიბმით რუბლის კურსი გაცილებით გამყარდა აშშ-ს დოლარზე.
1951 წელს მოსკოვში ჩატარებულ თათბირზე სტალინმა თქვა: „მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიყვანთ ჩვენს ფულს ოქროს საყრდენზე, შესაძლებელი იქნება ლაპარაკი ფულის საერთაშორისო ექვივალენტზე ოქროში, ერთმანეთს შორის ურთიერთგადახდის პროცედურის დასაწყებად, ამისთვის შევქმნით სპეციალურ საერთაშორისო კომისიას“. სტალინმა ახსენა ოქროს ექვივალენტის შემცველი საერთაშორისო ფული, რომელიც გამოყენებულ იქნებოდა საერთასორისო არენაზე.
ეკონომიკური ურთიერთდახმარების ქვეყნებსა და განვითარებად ქვეყნებში ახალი ფულის ერთეულს, ოქროთი გამაგრებულს და დოლარის ალტერნატივას, 1955 ან 1960 წელს უნდა დაეწყო მოქმედება.
სტალინს სურდა, რომ ოპერაცია 1955 წელს დაწყებულიყო, მისსავე სიცოცხლეში, მაგრამ სპეციალისტებმა განუმარტეს, რომ საჭირო იყო ეკონომიკური საბჭოს ქვეყნების ეკონომიკების ამაღლება. 1953 წელს, სიკვდილამდე ნახევარი თვით ადრე, სტალინი დათანხმდა ბოლო ვადას — 1957 წელს, დაამთხვია რა ის საბჭოთა კავშირის შექმნის მე-40 წლისთავს.
ხრუშჩოვმა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჩათვალა, რომ ურთიერთსახელმწიფოებრივი ვალუტა — ოქროთი გამაგრებული, არადროულია და რუბლი ისევ მიაბა დოლარს, რითაც დაასამარა სტალინის შორსმიმავალი გეგმა.
საერთაშორისო პოლიტიკაში მეტნაკლებად ჩახედული ადამიანებისთვის უცხო არ არის რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებები რუსეთსა და ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს ან სხვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების არა დოლარში წარმოება, არამედ ეროვნულ ვალუტაში. რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ბუნებრივი აირის ფასი რუბლში გადაახდევინა.
პუტინის გეგმა — ვაჭრობის ეროვნულ ვალუტაში წარმოების თაობაზე წააგავს სტალინის გეგმას, თუმცა არის სხვაობაც, მაგრამ პოლიტიკა ისეთივეა, როგორიც მაშინ. მიზანი ამ პოლიტიკისა ისეთივე შორსმიმავალია, როგორიც სტალინის — ალტერნატიული მყარი ვალუტის შექმნა, რომელიც დოლარის მსოფლიო დომინირებას და აშშ-ს ჰეგემონიას წყალს შეუყენებს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი