დარჩიაშვილი – ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ. ის აცხადებს, რომ მეტის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ პირველად დაადასტურა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.
– „დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე მართალია გვქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა” – თქვა მინისტრმა.
როგორც დარჩიაშვილი ამბობს, საქართველო მზად არის პარტნიორებთან სამუშაოდ.
– „ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისადმი პირობითობის სქემა სიახლეს არ წარმოადგენს. ე.წ. ცივი ომის შემდგომი გაფართოება და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპი, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, სწორედ პირობითობის სქემაზეა დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშაოთ პარტნიორებთან საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დღეს აქვთ შესაბამისი პოზიციები მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე მისასვლელად საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირმა წარუდგინა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ თითოეული ქვეყანა მზად იქნება შესაბამისი მოლაპარაკებების დასაწყებად” – მიიჩნევს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
დარჩიაშვილმა უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
წყარო: radiotavisupleba.ge