ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან უწყებად დასახელების შესახებ განაცხადა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავეცნობით. თუ მართლა ასე თქვეს, მათ გასაგონად ვამბობ, რომ სუს-ი არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ძალოვანი შემადგენელი ნაწილი, ასევე საარჩევნო კამპანიის მთავარი მოტორი და ის, რითაც „ქართული ოცნება“ ატარებს არჩევნებს და რომლის მთავარი შინაარსია – მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ივანიშვილის ფულის გამოყენება. სუს-ს საკუთარი ფინანსური, ადმინისტრაციული საკადრო რესურსების 90 პროცენტი მიმართული აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და თვალთვალისკენ და არა იმისკენ, რომ ჯაშუშებს ებრძოდნენ. სუს-მა რვა წლის განმავლობაში რომელი ერთი ჯაშუში გამოავლინა? ერთი გვარი დამისახელეთ, ან მინიშნება გააკეთეთ და ვიტყვი, სუს-ი საქმიანობის 90 პროცენტს კი არ ახმარს პოლიტიკურ საქმიანობას, არამედ 89-ს.”
კითხვაზე, თუ სუს-ი ვერ მუშაობს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საპირისპიროს ამბობს, ცდება თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ხანდახან ღმერთიც ცდება.
„ხანდახან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება. წვიმას ისეთ დროს მოგვივლენს, რომელიც აბსოლუტურად არ იყო საჭირო. შესაძლებელია, ცდება. ეგზიუპერი ამბობდა, რომ სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, შეუცდომელი არავინ არის ქვეყნად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თუ შეცდა სუს-ის შეფასებაში, რა პრობლემაა ამაში? ჩვენ ხომ უკეთესად ვიცით, სუს-ი არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ძალოვანი ნაწილი“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.
“ალია”