მედიის ადვოკატირების კოალიცია „ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
18 ივნისს, ღამით, ბათუმში, ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორს, თემურ ზოიძეს თავს დაესხნენ. ინციდენტი 26 მაისი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ოპერატორს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხუთი ადამიანი გაუსწორდა. როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, თავდამსხმელები ყვიროდნენ, რომ მათ არ მოსწონდათ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, კოალიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას:
– “ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.
კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა. დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა“.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სპეციალური საგამოძიები სამსახურის პრეს-ცენტრში, უწყების წარმომადგენლები წუხელვე დაუკავშირდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორს, რომელმაც „ვერ მოახერხა გამოკითხვაზე მისვლა“. თემურ ზოიძე საგამოძიებო სამსახურში 19 ივნისს, დღის პირველ ნახევარშია დაბარებული:
– “ჯერ უნდა გამოიკითხოს, მას გამომძიებელი გაესაუბრება და შემდეგ დაიგეგმება საგამოძიებო მოქმედებები. გასაუბრების შემდეგ გადაწყდება, რა მუხლით დაიწყება გამოძიება”.
წყარო: რადიო თავისუფლება