ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება, მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისთვის, კარი არასდროს დაგვიხურავს.
მინდა, ჩემი გუნდის სახელით განვაცხადო, რომ მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა ახლა უნდა იყოს, რომ მშვიდად, სტაბილურად გაგარძელდეს ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა.
– “ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი ამისთვის არის მზად. მოგეხსენებათ, ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი პირდაპირი მითითება, მუხლი, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი გუნდის სახელით განვაცხადო, მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, გვქონდა მზაობა, გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ, რადგან ერთ-ერთი მთავარი მუხლი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას, მათი ვალდებულებაც არის და მათი პასუხისმგებლობაც, ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათ მხრიდან არ იქნება გადადგმული რეალური ქმედით ნაბიჯები.
მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, რადგან ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი, თუნდაც პარტიული და პირადი ინტერესები.
მინდა, ჩვენს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ჩვენი ევროპული მომავალი. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო: 1tv.ge