აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონისთვის შტატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 180 იყო. ინიციატივის ავტორები დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები არიან. მათი განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლები კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოქალაქეობრივ მოვალეობებს, თუმცა მოკლებულები არიან შესაძლებლობას, ფედერალურ კონგრესში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ.
ამჟამად ადმინისტრაციული კუთხით ვაშინგტონი კოლუმბიის ფედერალურ ოლქს წარმოადგენს და არც ერთი შტატის შემადგენლობაში არ შედის, შესაბამისად, კონგრესში თავისი სრულფასოვანი წარმომადგენლები არ ჰყავს. წარმომადგენელთა პალატაში ვაშინგტონს მხოლოდ ერთი დელეგატი ჰყავს, რომელსაც პლენარულ სხდომებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვს და მხოლოდ კომიტეტების დონეზე და პროცედურულ საკითხებზე ხმის მიცემა შეუძლია.
ინიციატივას ახლა სენატი განიხილავს, სადაც, სავარაუდოდ, რესპუბლიკელები მას მხარს არ დაუჭერენ. თეთრ სახლში უკვე განაცხადეს, რომ კანონპროექტს ნებისმიერ შემთხვევაში ვეტოს დაადებენ.
წყარო: imedinews.ge