„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ყვარელში პარტიის ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლაში საჯარო მოხელეები და პოლიციის უფროსი მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ დაგვხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, აგრესიულად განწყობილი ჯგუფი. ყველანი არიან იდენტიფიცირებული. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ამ ჯგუფში, ასევე, იმყოფებოდა პოლიციის უფროსი. ის რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ რომ ხელი შეიშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას“, — განაცხადა ჯაფარიძემ.
„ლელოს“ ცნობით, გუშინ, 29 ივნისს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა პარტიას საშუალება არ მისცა, ყვარელში პოლიტიკური შეხვედრა ჩაეტარებინა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, გივი ზაუტაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
სამუშია: ყვარელში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფი დაგვიპირისპირდა