ჯო ბაიდენი დღეისათვის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც დონალდ ტრამპსა და მისი მეორე ვადით პრეზიდენტობას შორის დგას. 6 ივნისს, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონგრესმა ნოემბრის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად ბარაკ ობამას მმართველობისდროინდელი ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაასახელა. როდის და სად დაიწყო ჯო ბაიდენის პოლიტიკური კარიერა? რამდენად შეძლებს ის თეთრ სახლში ტრამპის მმართველობის გახანგრძლივებისთვის ხელის შეშლას? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე BBC-მ არანაკლებ საინტერესო პასუხები მოიძია.
ვინ არის ჯო ბაიდენი?
ჯო ბაიდენი თავისი მომხრეებისთვის არის დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტი, ბრწყინვალე ორატორი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გამონახოს პუბლიკასთან საერთო ენა და ადამიანი, რომელმაც მძიმე პირად განსაცდელს ღირსეულად გაუძლო. ოპონენტები კი აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ხალხისგან შორს მყოფი ელიტის წარმომადგენლად მიიჩნევენ. მოწინააღმდეგეებს ჯო ბაიდენი მიაჩნიათ ადამიანად, რომელიც უჩვეულო სიტუაციებისადმი არის მიდრეკილი და თავს უტაქტო ქმედების უფლებას აძლევს. მაგალითად, რამდენიმე ქალმა პოლიტიკოსი დაადანაშაულა, რომ ბაიდენი მათ ეხვეოდა და თმაზე ყნოსავდა.
როდის და სად დაიწყო ჯო ბაიდენის პოლიტიკური კარიერა?
საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ჯო ბაიდენისთვის სიახლეს სულაც არ წარმოადგენს. მისი პოლიტიკური კარიერა 47 წლის წინ, ვაშინგტონში, სენატორის პოსტით დაიწყო. 1973-დან 2009 წლამდე ჯო ბაიდენი დელავერის შტატის სენატორი გახლდათ. მას პირველი საპრეზიდენტო კამპანია 1987 წელს ჰქონდა. ახლანდელი კამპანია კი ბაიდენისთვის რიგით მესამეა. ის ამავე დროს ცნობილია იმით, რომ ამომრჩევლის გულის მოგების საოცარი უნარი აქვს, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად შეუძლია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც მის კარიერას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
1987 წელს, მიტინგზე გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინაპრები პენსილვანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნახშირის მაღაროებში მუშაობდნენ და მისთვის მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ მათ ცხოვრებაში ვერ მიაღწიეს იმას, რასაც იმსახურებდნენ. ეს კამპანია დაწყებული არც კი იყო, რომ უკვე დასრულდა. მალევე გაირკვა, რომ ბაიდენების გვარში მაღაროელი არავინ არასდროს ყოფილა და მან ბრიტანელი ლეიბორისტი პოლიტიკოსის ნილ კინოკის გამოსვლები პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით გაიმეორა. ეს უკანასკნელი მუშათა კლასს ნამდვილად ეკუთვნოდა.
ჯო ბაიდენისთვის ეს იყო პირველი განცხადება, რომელსაც მოგვიანებით მეტსახელად “ჯოს ბომბები” უწოდეს. 2012 წელს, თავის პოლიტიკურ გამოცდილებაზე საუბრისას, მან თქვა: “მე რვა პრეზიდენტს ვიცნობდი, სამ მათგანს კი – ინტიმურად”. ამან სიცილი გამოიწვია, რადგან ისე გამოვიდა, თითქოს მას პრეზიდენტებთან არა მეგობრული, არამედ უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
2009 წელს, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცეპრეზიდენტი იყო, მან თავისი განცხადებით არსებული კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა: “არსებობს 30%-იანი ალბათობა იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკაში ყველაფერს არასწორად ვაკეთებთ”. მანამდე კი ჯო ბაიდენმა ბარაკ ობამას საკმაოდ საეჭვო კომპლიმენტი უთხრა, როდესაც მას უწოდა ”პირველი წამყვანი აფროამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ჭკვიანია, კარგად საუბრობს, სუფთად იცვამს და სასიამოვნოდ გამოიყურება”. თუმცა ამას ობამა-ბაიდენის პარტნიორობისთვის ხელი არ შეუშლია.
მიმდინარე კამპანიის დროს ბაიდენის რეიტინგი შავკანიან ამომრჩევლებში ძალიან მაღალი იყო. თუმცა ეს მაჩვენებელი რადიოეთერში ნათქვამმა დაუფიქრებელმა ფრაზამ საკმაოდ გააუარესა: “თუ თქვენ გიჭირთ გადაწყვიტოთ, ტრამპს მისცემთ ხმას, თუ – მე, ეს იმას ნიშნავს, რომ შავი არ ხართ!”. მასმედიის საშუალებებმა ბაიდენი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მის გუნდს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჯო ბაიდენს აფროამერიკელი ამომრჩევლების ხმები ავტომატურად თავისად არ მიაჩნია. ამ ყველაფრის ფონზე გასაგებია, თუ რატომ დაწერა ჟურნალმა New York Magazine-მა შარშან, რომ ბაიდენის კამპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მას იმპროვიზაციის საშუალება არ მისცენ.
თუმცა, მეორე მხრივ, ამასაც თავისი დადებითი მხარე აქვს. იმ პოლიტიკოსების ფონზე, რომლებიც რობოტებს ჰგვანან და მხოლოდ ფრთხილად შერჩეულ აბსტრაქტულ ფრაზებს იყენებენ, ჯო ბაიდენი ცოცხალ ადამიანს ჰგავს. ის აცხადებს, რომ ენაბლუობის გამო ტელესუფლიორით სარგებლობას გულიდან წამოსული სიტყვები ურჩევნია.
ჯო ბაიდენს შეუძლია შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჭაღარა როკ-ვარსკვლავის მსგავსად, ხალხში გაერიოს, მსმენელებს ხელი ჩამოართვას, მხრებზე ხელი მოუთათუნოს და სელფი გადაიღოს. „ის ყველას ეხუტება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”, – განუცხადა New York Magazine-ს ბაიდენის კოლეგამ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ კერიმ. მისივე თქმით, ”ბაიდენს ნამდვილად უყვარს ფიზიკური კონტაქტი. ეს არ არის თამაში”.
რას ამბობენ ამაზე ოპონენტები?
ბაიდენის ხასიათის ამ თავისებურებას, რა თქმა უნდა, პრობლემების შექმნაც შეუძლია. გასულ წელს, რვა ქალი აცხადებდა, რომ ის მათ შეუსაბამოდ შეეხო, ჩაეხუტა ან აკოცა. ტელევიზიითაც კი აჩვენეს კადრები, რომლებშიც ბაიდენი ქალებთან მისალმებისას მათ ძალიან მიაუხლოვდა და ისე დაიხარა, თითქოს მათ თმას სუნავდა. ამის პასუხად აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და ახლანდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მომავალში უფრო ყურადღებით იქნება.
მიმდინარე წლის მარტში, ტარა რიდმა, რომელიც 30 წლის წინ ბაიდენის ოფისში პერსონალის მართვის ასისტენტად მუშაობდა, განაცხადა, რომ ერთხელ მან ქალი არაორაზროვანი ჩანაფიქრით კედელთან მიიმწყვდია. ბაიდენმა ეს ბრალდება უარყო, მისმა შტაბმა კი ოფიციალურად განაცხადა: ”მსგავსი არაფერი ყოფილა”. თავიანთი კანდიდატის დასაცავად დემოკრატებს შეუძლიათ თქვან, რომ ანალოგიურ ქმედებაში დონალდ ტრამპს 12 ქალი ადანაშაულებს. თუმცა აქ ხომ ციფრები მთავარი სულაც არ არის.
მას შემდეგ, რაც მოძრაობა #MeToo დაიწყო, დემოკრატებმა, მათ შორის ჯო ბაიდენმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ სექსუალური შევიწროების საკითხზე საზოგადოება ვალდებულია, ქალს სიტყვაზე ენდოს. ყოფილი ვიცეპრეზიდენტის მცდელობა, რომ მსგავსი ბრალდებები თავიდან აერიდებინა, ბევრ აქტივისტს არ მოეწონა.
შეძლებს თუ არა ბაიდენი მორიგი უსიამოვნებების თავიდან არიდებას?
ჯო ბაიდენის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ადამიანებთან კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი მას დაეხმარება თავიდან აიცილოს ის უსიამოვნებები, რომელთა წინაშეც დემოკრატიული პარტიის ბევრი კანდიდატი აღმოჩნდა. ბაიდენს ვაშინგტონში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს: 3 ათეულ წელზე მეტი სენატში და ვიცეპრეზიდენტობის 8 წელი. თუმცა ეს ყოველთვის უპირატესობას სულაც არ ნიშნავს.
ელ გორმა (რვა წელი წარმომადგენელთა პალატაში, რვა წელი – სენატში და ამდენივე ვიცეპრეზიდენტად), ჯონ კერიმ (28 წელი სენატში) და ჰილარი კლინტონმა (რვა წელი პირველი ლედის ამპლუაში თეთრ სახლში და ამდენივე სენატში) არჩევნები ბევრად ნაკლებად დახვეწილ რესპუბლიკელ კანდიდატებთან წააგეს.
ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მინუსი ისიც არის, რომ ბაიდენმა წლების განმავლობაში საკუთარი აზრის გამოთქმა თითქმის ყველა თემაზე მოახერხა. დღევანდელი გადასახედიდან კი, მისი ყველა შენიშვნა გასახსენებლად შეიძლება მომგებიანი სულაც არ იყოს. მაგალითად, 1970-იან წლებში ის საჯაროდ უჭერდა მხარს სამხრეთ შტატებში სეგრეგაციის მომხრეებს, რომლებიც შავი რაიონებიდან თეთრ რაიონებში და პირიქით, მოსწავლეთა ნაწილის გადაყვანის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ბაიდენს ძალიან ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. 1972 წელს, როდესაც მას სენატორის ფიცი პირველად უნდა დაედო, მისი ცოლი ნელია და ქალიშვილი ნაომი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. საშინელი ავარიის შედეგად დაშავდნენ ბაიდენის ვაჟებიც – ბო და ჰანტერი. 2015 წელს, ბო ბაიდენი 46 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ამდენი ახლობელი ადამიანის დაკარგვა, რა თქმა უნდა, ბაიდენისადმი თანაგრძნობას იწვევს.
როგორია ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკური ორიენტირი?
დიპლომატიური გამოცდილება ჯო ბაიდენის ძლიერ მხარედ ითვლება. წარსულში ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ბაიდენი ამაყობს იმით, რომ ბოლო 45 წლის განმავლობაში ყველა მსოფლიო ლიდერს პირადად შეხვედრია. საბოლოოდ ეს მას წარმოაჩენს ადამიანად, რომელსაც პრეზიდენტობისთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. თუმცა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ბაიდენის კარიერაში წინააღმდეგობრივი მომენტებიც შეინიშნება.
ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს შეიძლება ზომიერი ეწოდოს. 1991 წელს ის სენატში გამართულ კენჭისყრაზე სპარსეთის ყურეში ომის წინააღდეგ გამოვიდა, 2003 წელს ერაყში შეჭრას დაუჭირა მხარი, შემდეგ კი ამ ნაბიჯის კრიტიკა დაიწყო.
ბევრ ახალგაზრდა დემოკრატს უფრო რადიკალური ანტისაომარი შეხედულებები აქვს, ვიდრე – ბაიდენს. მათ ბერნი სანდერსისა და ელიზაბეტ უორენის მწვავე რიტორიკა უფრო მოსწონთ. თუმცა ჯო ბაიდენი ძალიან მშვიდობისმოყვარე ადამიანია ბევრი ამერიკელისთვის, რომლებიც იქამდე მხარს დონალდ ტრამპს უჭერდნენ. ამ უკანასკნელმა კი იანვარში ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.
ვისზეა გათვლილი ბაიდენის პროგრამა?
ბაიდენის პროგრამა, ძირითადად, გათვლილია იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა. სავარაუდოდ, ის იმედოვნებს, რომ ნოემბერში ხალხი მას ზედმეტი ენთუზიაზმის გარეშე აირჩევს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ ალტერნატივა არ ეყოლებათ.
ყველაფერი ან არაფერი. ეს რას ნიშნავს?
გამოკითხვების თანახმად, ბაიდენი ტრამპს 10%-იანი პუნქტით უსწრებს. თუმცა ნოემბრამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. უბრალო სამედიცინო ნიღაბიც კი პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცა. ბაიდენი საზოგადოებაში სულ ნიღბით ჩნდება, ტრამპი კი – პირიქით. თუმცა ეს ბრძოლა მხოლოდ იმიჯით არ შემოიფარგლება. საქმე ბევრად სერიოზულად არის. თუ ბაიდენმა გაიმარჯვა, ეს მისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის ტრიუმფალური დასასრული იქნება. თუ ჯო ბაიდენი წააგებს, თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით დარჩება ადამიანი, რომელსაც ის პრეზიდენტობისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიიჩნევს.
2016 წელს, როდესაც ჯო ბაიდენი ფიქრობდა, მიეღო თუ არა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა, მან განაცხადა: „მე შემიძლია ჩემი საუკუნე დავასრულო სრულიად ბედნიერმა ისე, რომ პრეზიდენტი არ ვიყო“. როგორც ჩანს, მან აზრი შეიცვალა.
წყარო: imedinews.ge