გორის ცენტრალურ ქუჩებშჯ გარემოვაჭრეებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ტერიტორიაზე, საიდანაც სავაჭრო დახლები გაიტანეს, 11 ივლისს პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი.
გარემოვაჭრეებს, რომლებიც აქამდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საქმიანობდნენ, მერია ახალ ბაზარში, წმინდაწყლის ტერიტორიაზე გადასვლას სთავაზობს, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ.
თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” წერს, გარემოვაჭრეები უარს ამბობენ აღნიშნულზე, დასძენენ რა, რომ იქ “მყიდველი არ მივა”.
“მეორადი დამაქვს, რომ 1.5 ლარი დამრჩეს. აგვყარეს აქ და ზევით, ბაზრობაზე, თავიანთი ბაზარი რომ არის, უნდათ, რომ ხალხი იქ შეიყვანონ…იქ ვინ მოვა? მე აქ უნდა ვიდგე…
ცოდო არ ვარ? ჩემი მდგომარეობა სულ ყველამ იცის აქ. პორტფელში 1 ლარი მიგდია, მეტი ფული არ მაქვს”, — თქვა შუახნის ქალმა, რომელიც გურამიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მყოფები ეხმარებიან გარემოვაჭრე ქალს, რომელიც გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, შეუძლოდ გახდა. სქრინი ტელეკომპანია “თრიალეთის” ვიდეოდან
ერთ-ერთი გარემოვაჭრე ითხოვს, რომ შესაბამისმა უწყებამ მას და მის კოლეგებს 2-3 თვე მისცეს, რათა უკვე შეძენილი საქონელი ამოყიდონ.
“5 წელიწადია, ქუჩაში ვდგავარ, გარემოვაჭრე ვარ. ორი ოპერაცია გადავიტანე… 70 ჩვენი მოვაჭრე საზღვარგარეთ არის წასული, ვერაფერი რომ ვერ გააკეთეს და ოჯახები ვერ შეინახეს. ყველას ხომ არ შეუძლია საზღვარგარეთ წავიდეს”, — აღნიშნა მან.
იმ ტერიტორიიდან, სადაც მანამდე ვაჭრობდნენ, გარემოვაჭრეებმა გორის მერიაში გადაინაცვლეს. “მთავარი არხის” ცნობით, მათ პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა სურთ.
“მოზაიკას” თანახმად, გორის მერიაში ამბობენ, რომ კონსტრუქციები, რომლებიც გორის ქუჩებიდან რამდენიმე დღის წინ გაიტანეს, “ანტისანიტარიის წყარო” იყო და ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა.
სანამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილ კონსტრუქციებს გაიტანდნენ, მერიამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა და ტერიტორიის დასასუფთავებლად კონკრეტული ვადა მისცა.