ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალურ ქსელში, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის, კომენტარს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ:
„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ იმ შემთხვევაში თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არ არის ვირუსის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, შეგვიძლია ის ვიმკურნალოთ და მშვიდად გადავიტანოთ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტებიც, რომ არ არის არაფერი საშიში და საპანიკო.”
ჯანდაცვის მინისტრს არ განუმარტავს, რას ნიშნავს “უბრალოდ ტემპერატურის აწევა”, როგორ უნდა გაარკვიოს მოქალაქემ, რომ ტემპერატურა აეწია უბრალოდ, ან “ბრალიანად”. ისევე, როგორც არ განუმარტავს, მაინც რამდენი გრადუსია უბრალოდ მომატებული ტემპერატურა, რომელ მაჩვენებლამდე არ ითვლება “ბრალიანად”, ან, რომელი სიმპტომები ითვლება სიმძიმის გამომხატველად? 2 წლის მანძილზე სავალდებულო იყო, მაღაზიაში შესვლის წინაც სიცხე გაეზომათ მოქალაქისთვის და ხალხი თავისი თერმომეტრით დადიოდა ლამის ქუჩაში, ახლა რა შეიცვალა? ხველა? – უბრალოდ გვახველებს, თუ “ბრალიანია” და როგორ უნდა გავარჩიოთ?
თუ არ არის ვირუსის სიმძიმის გამომხატველი სიმპტომები, შეგვიძლია მშვიდად გადავიტანოთო და თუ არის ვირუსის სიმძიმის გამომხატველი, ვირუსის წინააღმდეგ მაინც ხომ ვიომებთ? თუ სიმპტომებია გამოხატული (რომელ სიმპტომებსაც მინისტრი არც აღწერს), ვერ გადავიტანთ მშვიდად? რისი თქმა გინდათ, მინისტრო?
ერთ რამეს სწორს ამბობს მინისტრი, პანიკა უადგილოა, შიშიც, მეორე მხრივ, მინისტრის განცხადება იმდენად გაურკვეველია, პანიკა შეიძლება თავად გამოიწვიოს. ყოველთვის ასეა, გაურკვევლობა იწვევს პანიკას. ინფორმაციის სწორად მიწოდება და საქმე – ეს უნდა იყოს სამინისტროს მთავარი მიზანი.
გამომდინარე იქედან, რომ მინისტრის განცხადებიდან ბევრი ვერაფერი გავიგეთ და იმაზე მეტი კითხვა დაგვიგროვდა, ვიდრე მის განცხადებამდე გვქონდა, “ალიას” მკითხველს გიტოვებთ თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოიქცეთ რესპირაციული დაავადებების სიმპტომების დროს!
და აქვე, “ალია” ხაზგასმით გირჩევთ, ნუ ეცდებით თავად გადაწყვიტოთ, მაღალი ტემპერატურა უბრალოდ გაქვთ, თუ “ბრალიანად”, მიმართეთ ოჯახის ექიმს!